ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს. ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.
დიდი სამშაბათი
დიდ სამშაბათს (ცისკრის ჟამნზე, რიგის კანონთა წაკითხვის შემდეგ), იკითხება წმ. იოანე ოქროპირის 77-ე სიტყვა მათეს სახარების 24-ე თავის 32 და 33 მუხლების შესახებ. აქ საუბარია სულიერ ზაფხულზე, ანუ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დადგება ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა ჩაივლის საწუთრო - "ცოდვის ზამთარი".
ამ დღესვე იკითხება სვინაქსარი, რომელიც გვახსენებს იგავს ათ ქალწულზე, რათა ვისწავლოთ სულიერი სიფხიზლე და მზად ვიყოთ იმ მოულოდნელი წამისთვის, როცა - "სიძე მოვალს შუაღამესა".
III, VIდა IX ჟამნებზე განჩინებული სახარებების კითხვის დასრულების შემდეგ იკითხება წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალებასა და (კვლავ) ათ ქალწულზე.
წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს შემდეგ კონდაკზე:
"ჟამსა მას განსვლისასა იხსენებდი შენ, ოი, სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა, და მოცემული შენდა ტალანტი, განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, იღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა".
მასალის გამოყენების პირობები






