თეთრი სახლი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებად ეხმაურება და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ბრალდებას სამხედრო ამბოხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, მსგავსი ტიპის სპეკულაციები მომავალში ნეგატიურ გავლენას იქონიებს შეერთებული შტატებისა და თურქეთის ურთიერთობაზე.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური მეთაურობის ხელმძღვანელი ამბოხებულების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
ერდოღანი ჯოზეფ ვოტელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სამხედრო სტრუქტურებში მასობრივი წმენდისა და დაკავებების გამო თურქეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.
გენერალმა ვოტელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ის სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებთანაც შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობდნენ, დაკავებულები არიან.
ერდოღანის მტკიცებით, ვოტელმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ გადატრიალების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი ფეთულაჰ გიულენი ამ დრომდე შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
15 ივლისის ღამეს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, რასაც 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
ამბოხის შემდეგ თურქეთში სულ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი, ხოლო დაკავებულთა რიცხვმა 18 ათასს გადააჭარბა.
ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები






