ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
სააგენტოს თქმით, ამისთვის პუტინი რუსული პოლიტიკის გავლენას და პოლიტიკოსებზე ბიზნესის მხრიდან განხორციელებული ზეწოლას გამოიყენებს.
„როიტერი“ რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ შემუშავებული ლობირების ტაქტიკა ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ქვეყნებზე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბლოკის ერთიანობას.
„რუსეთი მუდმივად ცდილობს იპოვოს გზები სანქციების თავის დასაღწევად, კონკრეტულ ქვეყანაზე ორიენტირებით. ისინი კი სანქციების „მოკვლას“ რბილი მიდგომით ცდილობენ. შედეგი კი ის არის, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს, სანქციების გადახედვის აუცილებლობასა და მათ ხელახლა განხილვაზე“ - ციტირებს სააგენტო ერთ-ერთ დიპლომატს.
დიპლომატის თქმით, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, კვიპროსი, სლოვენია, სლოვაკეთი და ბულგარეთი, სწორედ რუსეთის სამიზნე ქვეყნებს წარმოადგენს.
სლოვენია, სადაც პუტინი ვაჭრობასა და ინვესტიციების საკითხზე სამიტს გაუძღვება, იქნება მეოთხე ქვეყანა, რომელსაც ის ყირიმის ანქსიის შემდეგ ესტუმრება.
დიპლომატების თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შენარჩუნების საკითხზე ევოკავშირში ერთიანი პოზიციის შენარჩუნება რთული იქნება, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის კონტრსანქციებით დაზარალდნენ და საკუთარი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ვერ გააქვთ, ფერმერებისა და მწარმოებლების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდიან.
„ერთ-ერთი სცენარი კი ის არის, რომ ქვეყნები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება სურთ, იტყვიან, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ეს სიმართლე იქნება, მაგრამ არც რუსეთი ასრულებს. თუმცა, შესაძლოა, ეს სანქციების მოხსნის წინაპირობაც გახდეს“ - აცხადებს ერთ-ერთი დიპლომატი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის იანვრის ბოლომდე ოფიციალურად გაახანგრძლივა.
ეკონომიკური სახის სანქციების რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს დასავლეთმა 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო დაუწესა.
აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე არ გაუქმდება.
მასალის გამოყენების პირობები






