ერდოღანი ჯოზეფ ვოტელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სამხედრო სტრუქტურებში მასობრივი წმენდისა და დაკავებების გამო თურქეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.
გენერალმა ვოტელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ის სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებთანაც შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობდნენ, დაკავებულები არიან.
ერდოღანის მტკიცებით, ვოტელმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა.თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ გადატრიალების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი ფეთულაჰ გიულენი ამ დრომდე შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
15 ივლისის ღამეს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, რასაც 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
ამბოხის შემდეგ თურქეთში სულ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვმა 18 ათასს გადააჭარბა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა.
დაკავებულთაგან 9677 ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამას გარდა, 50 ათასს ადამიანს პასპორტების მოქმედება შეუჩერეს.
ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. ამავდროულად 130 ადგილობრივი მედიასაშუალებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი 88 თანამშრომელი, მათ შორის 2 ელჩი გაათავისუფლეს.
ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები






