პოლიციის შენობასთან, სადაც შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებიან ერთმანეთს სამართალდამცველები და მომიტინგეები დაუპირისპირდნენ.
სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის უფროსის, აშოტ აღარონიანის თქმით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასნა ცრერის მომხრეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს და საპატრულო სამსახურის შენობასთან პოლიციის კორდონი გაარღვიეს. სამართალდამცველებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა.
აღარონიანის თქმით, ამ დროს შენობაში გამაგრებული ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიჭრა.
დაპირისპირების შემდეგ 60-მდე აქტივისტი საავადმყოფოში, სხვადასხვა სირთულის ტრავმით გადაიყვანეს.
ძალოვანებმა შეტაკებების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებიან. ისინი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






