საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დეტალურად გაეცნო ზონის მუშაობის სპეციფიკას და მისი ხელმძღვანელობისგან მიიღო ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიის განვითარების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის გამოცდილების გაზიარების, საქართველოში უცხოური კაპიტალის მოზიდვისა და სხვადასხვა პროფილის საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები.
ჩინეთის (შანხაის) საპილოტე თავისუფალი სავაჭრო ზონა ოთხ სივრცეს აერთიანებს. ესენია: თავისუფალი სავაჭრო ზონა, ფინანსური ზონა, ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონა და უახლესი ტექნოლოგიების პარკი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა სხვადასხვა წამახალისებელ და საშეღავათო მექანიზმებს მოიცავს, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით.
შანხაის საპილოტე თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში განხორციელდა არაერთი ინსტიტუციური ინოვაცია და რეფორმა ინვესტიციების, საგარეო ვაჭრობის და ფინანსების კუთხით, ხოლო მათი წარმატებული რეალიზების შემდეგ იგი გავრცელდა ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიებზეც. ზონა წარმოადგენს ერთგვარ საექსპერიმენტო არეალს ახალი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ეფექტიანობის გამოცდის მხრივ.
მასალის გამოყენების პირობები






