რუსეთთან ურთიერთბების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, 2012 წლის 1 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ პირდაპირ ეთერში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სააგნტო „ნიუპოსტი“ აღნიშნულ ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.
ბატონო ზურაბ, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ რუსეთმა ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება. ამ გზავნილის შემდეგ ვარაუდობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთი პოზიციას შეიცვლის?
მე არ მგონია, რომ რუსეთ უახლოეს პერიოდში ამ პოზიციას შეცვლის, მაგრამ ვფიქრობ, დიალოგის დაწყება მაინც აუცილებელია. უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რათა კონფრონტაციის რეჟიმიდან გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში. ამ დიალოგის რეჟიმში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევეცადოთ, არსებული ურთულესი პრიბლემების მოგვარებას.
ბატონო ზურაბ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ რუსეთთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. რას ნიშნავს ეს? მითუმეტეს, როცა თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული არმია დგას?
ახალი ფურცლიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოხდა სერიოზული პოლიტიკური ცვლილება (პირველი ოქტომბრის არჩევნები მაქვს მხედველობაში). პოლიტიკური რეალობა შეცვლილია და ამის გათვალსიწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ახალ რეალობას მოსკოვშიც ხედავენ. ამიტომ არის შანსი იმისა, რომ დიალოგისთვის უფრო უკეთესი პირობები შეიქმნას. თუმცა ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმისა, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდება. დრო არის საჭირო იმისათვის, რათა ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ. ჩვენ რეალისტურად ვუყურებთ შექმნილ ვითარებას, მაგრამ მცდელობა აუცილებელია. ჩვენ ველით ახლა რუსეთის პასუხს, რუსეთის შემხვედრ ნაბიჯს. თუ იქნება ადექვატური ნაბიჯი, შეიძლება ვიფიქროთ სად, როგორ, რა ფორმატით წარიმართება ეს დიალოგი. დიალოგი რთულია, მაგრამ რთული დიალოგი სჯობს კარგ ომს.
და რა უნდა იყოს ეს შემხვედრი ნაბიჯები და თქვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი რა იქნება?
ჩვენი პირველი ნაბიჯი გაკეთდა უკვე დღეს, პრემიერ-მინისტრმა დანიშნა თავისი პირადი წარმომადგენელი. შემდეგი ნაბიჯი გადაიდგმევა ალბათ ხვალ-ზეგ. ეს შეტყობინება დიპლომატიური არხებით გაიგზავნება მოსკოვში და შემდგომ, ჩვენ დაველოდებით მოსკოვის რეაქციას, თუ როგორი იქნება მათი პასუხი ამ ინიციატივაზე. ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს პოზიტიური რეაქცია.
ბატონო ზურაბ, თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ კულუარულად არ აპირებთ მუშაობას, ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. თუმცა, როგორც დიპლომატს მაინც მინდა გკითხოთ, გქონდათ თუ არა მოთელვა მანამდე, როგორ შეიძლება ურთიერთობების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის?
მე მაინც გულახდილად გეტყვით, რომ ბატონი ბიძინას კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ არანაირ კულუარულ მოძრაობებს არ ქონოდა ადგილი და ყველაფერი მომხდარიყო ოფიციალურად, ღიად, ყოველგვარი კულუარული შეთანხმებების გარეშე და მართლაც ასე გაკეთდა. დღეს რაც განვახცხადეთ ეს ჭეშმარიტებაა და ასეთივე ოფიციალური გზით გვინდა მივიღოთ ჩვენ რუსეთისგან პასუხები.
ბატონო ზურაბ, რამდენად პრინციპული იქნებით რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში?
ჩვენ დღეს განვაცხადეთ, რომ არის საკითხები, სადაც გადის წითელი ხაზი. ჩვენთვის ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთშორისო ურთიერთობებში ჩვენი თავისუფალი არჩევანის პრინციპები. ასე, რომ ამ პოზიციებს ჩვენ არანაირად არ განვიხილავთ, როგორც კომპრომისის ნაწილს. ეს არის გამორიცხული.
ბატონო ზურაბ, გენადი ონიშენკოს ბოლო განცხადებები, რომელიც მან ქართულ პროდუქციასთან დაკავშირებით გააკეთა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება?
კარგი იქნება თუ გადაწყდება. ჩვენი სურვილიც ეს არის და მივესალმებით. მართლაც არის საკიხები, რომელთა მოგვარება გაცილებით იოლია და მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, ჰუმანიტარული კავშირებისა და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობა. ამას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება და ვიმეორებ, საკმარისია მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოვლენა და ეს პროცესი ამოქმედდება ძალიან სწრაფად.
ბატონო ზურაბ, თქვენ რუსეთში მუშაობდით, საკმაოდ დიდი გამოცდილება და კავშირებიც გაქვთ. თქვენი შეფასებით პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფ რუსეთთან საქართველო შეძლებს ურთიერთობების ნორმალიზებას?
რუსეთი განსაკუთრებულად რთული ქვეყანაა. თქვენ თუ რუსეთის ისტორიას გადახედავთ, დაინახავთ, რომ რუსეთი არასდროს არ იყო იოლი პარტნიორი. დიდი ქვეყანაა, რთული და ნამდვილად პრობლემური პარტნიორია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, მსფოლიო იცვლება, რუსეთიც ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. მე ეს ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე აღმოვაჩინე, რომ რუსეთი როგორიც იყო 50-60 წლის წინ, ნამდვილად შევცლილია. მე დავიბადე მაშინ, როდესაც სტალინი ცოცხალი იყო. ეს რომ ჩემს სტუდენტებს ვუთხარი, არ დაიჯერეს და მითხრეს, ალბათ ხუმრობთო. ამ ბოლო წლების მანძილზე რუსეთი შეცივალა, ეს აღარ არის საბჭოთა კავშირი, ეს არ არის ის ქვეყანა, რომელთანაც იოლია ურთიერთობების დარეგულირება, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ. გეოგრაფიას ვერ შევცვლით და ვერც რუსეთს შევცვლით ისე სწრაფად, როგორც ეს ჩვენ გვინდა.
ბატონო ზურაბ, როდესაც ტერიტორიულ მთლიანობაზე არის საუბარი, და როცა ამ საკითხის განხილვა დაიწყება, რა სტატუსით დაბრუნებაზე იქნება საუბარი? ეს იქნება 2008 წლის სტატუსით დაბრუნება თუ როგორ უნდა მოხდეს აქ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა?
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ეხლა გამორიცხულია, ამით ჩვენ ვაღიარებთ იმ რეალობას, რაც შეიქმნა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ამის ლეგალიზებას ჩვენი მხრიდან არავინ არ აპირებს, მაგრამ თუ ეს პროცესი ნომალურად განივითარდება, თუ ეს პროცესი რეალურ შედეგებს მოიტანს, თუ მოხდება სერიოზული გარღვევები რაღაც ეტაპზე, როგორც შედეგი ამ პროცესისა, ჩვენ შეიძლება განვიხილოთ საკითხი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






