ხათუნა ლაგაზიძე: რა სტატუსი უნდა ჰქონდეს რუსეთს, რომელმაც ტერიტორიების 25% წაგვართვა?
პოზიცია - 17:21, 29 Apr, 2013     3132

 

 

,,ნიუპოსთან" ინტერვიუში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გვაცნობს და მიიჩნევს, რომ ,,რუსეთი შორეულ პერსპექტივაშიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ მასთან თანამშრომლობის რეჟიმს აღვადგენთ, უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც ყველაზე დიდი რისკის და საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის".



_საზოგადოებრივ განწყობაზე რომ ვისაუბროთ, ვგულისხმობ საგარეო-პოლიტიკურ არჩევანს, ხომ არ იმატა ქართულ საზოგადოებაში პრორუსულმა განწყობამ, მაშინ როცა მთელი ეს წლები თამამად ვაცხადებდით, რომ ქართული საზოგადოება თავის არჩევანს დასავლეთზე აკეთებს...



_რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხია - იმატა და ალბათ, რადიკალურად. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკვლევია მიზეზები, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამის შედეგები. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?! ცოტა უცნაურია, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში ცხრა წელი იყო ძალა, რომელიც თავის თავს პროდასავლურს უწოდებდა და დასავლეთს მასთან აიგივებდა. ამ ძალის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ რეალურად საზოგადოება, რომელიც არის უფრო პრორუსული, ვიდრე პროდასავლური.


ერთია, როგორ უნდა ხელისუფლებას, რომ დაინახოს ან როგორია პროდასავლელების სურვილი, მაგრამ მეორეა ის რეალობა, როდესაც უკვე ღიად ფიქსირდება იგივე სოციალურ ქსელებში, მედიაში და ა.შ. საზოგადოების განწყობა. ვითარება არის ისეთი, რომ ხალხი, არათუ პირდაპირ ამჟღავნებს რუსეთთან თანამშრომლობის მხარდაჭერისადმი სიმპათიას, არამედ აქტიურად ებრძვის პროდასავლელებს.


სიცალურ ქსელებში ვკითხულობდი კომენტარებს, რა გაგვიკეთა დასავლეთმა და რატომ მისტირით დასავლეთს? რა გააკეთა ამ ოცწლიანი პარტნიორობის მანძილზე, იგივე, ამერიკამ საქართველოსთვის და რომ რუსეთის გარეშე საქართველო ვერ განვითარდება და ა.შ. ეს არ არის ცალკეული და ერთეული შემთხვევები. მე ვფიქრობ, უნდა ვიკვლიოთ მიზეზები, თუ რატომ დავდექით ამ რეალობის წინაშე.


პირველი ალბათ არის ის, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა საბედისწერო შეცდომა, ან ეს არ იყო შეცდომა და იყო დანაშაული, რომ დასავლეთი გააიგივა საკუთარ თავთან - ტოლობის ნიშანი დასვა. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც არ უშვებს შეცდომებს და რომელიც ხალხის უკმაყოფილების გამო, ბოლოს და ბოლოს არ თმობს თავის სახელისუფლებო პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ის რეალობა, რომ რაც კი შეცდომა დაუშვა ან დანაშაული ჩაიდინა სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ", ყველაფერი გაიგივდა დასავლეთთან. პასუხს, საქართველოს მოსახლეობა ფაქტობრივად ამ შეცდომების გამო სთხოვს არა მხოლოდ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, არამედ დასავლეთსაც. ეს არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მოტივაცია იმისა, რასაც დღეს საზოგადოება ავლენს, ანუ რუსეთისკენ სწრაფვა.


მეორე გახლავთ ის, რომ დასავლეთი თვითონ უშვებდა გარკვეულ წილად შეცდომებს საქართველოს მოსახლეობასთან ურთიერთობაში და ის ღირებულებითი სისტემა, რომლის დამკვიდრებასაც ფორსირებულად შეეცადნენ, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმოჩნდა მიუღებელი და ამ ფორსირებულ ტემპს, ამ ღირებულებების დამკვიდრებისთვის, აგრესიით უპასუხა.


მესამე მიზეზი, გახლავთ ის, რომ რეალურად გაიხსნა თავისუფალი სივრცე, ანუ მედია თავისუფალია და ვისაც რა სურს, იმას საუბრობს. სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება, პოლიცია და პროკურატურა არ გამოიყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. აქედან გამომდინარე, ის განწყობები, რომელიც შეიძლება იყო კიდეც საზოგადოებაში, ზედაპირზე ვერ ან არ ამოდიოდა, ახლა კი გამოთქვამენ მოსაზრებებს და აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს.



_თქვენ სამი მიზეზი დაასახელთ, მაგრამ ხომ არ არის ამის ერთ-ერთი მიზეზიც, თუნდაც მეოთხე, პრემიერ-მინისტრის ბოლო დროინდელი განცხადებებით?



_ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ძალიან ცოტა დრო არის გასული იმისათვის, რომ პრორუსული განწყობა დავაბრალოთ ახალი ხელისუფლების რიტორიკას. რამდენიმე თვის განმავლობაში განწყობები არ იცვლება, თუმცა გარკვეულწილად ის, რომ დღეს საზოგადოება აღარ ისჯება, თუნდაც თავისი პრორუსული განწყობის ღიად გამოხატვისთვის, ამას თუ დააბრალებთ ხელისუფლებას, არ ვიცი რამდენად ლოგიკური იქნება. მაშინ რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა შეიმუშავოს გარკვეული პოლიტიკა (მე არ ვიცი საინფორმაციო პოლიტიკა იქნება, საგარეო პოლიტიკა, თუ სინთეზი ბევრი პოლიტიკებისა) იმისათვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს საზოგადოებაში, მაგრამ ძალისმიერი ფორმებით და მეთოდებით, ამ თავისუფალი აზრის ჩახშობა და რუსეთთან ურთიერთობის მომხრე საზოგადოების ნაწილის დევნა, ეს მიგვიყვანს დიქტატურამდე. ამიტომ, გაცილებით უფრო ცივილური მეთოდები იქნება შესამუშავებელი, იმისათვის, რომ საზოგადოებამ არასწორი არჩევანი არ გააკეთოს. თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ ხვალ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პრემიერმა თქვას, რომ მე ნეიტრალურ პოზიციას ვიკავებ, არ ვარ არცერთი პარტიის წარმომადგენელი და ყველამ სცადოს ბედი თვითონ და რისი უნარი აქვს აჩვენოს - ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, სადაც პროდასავლური ძალები, იგივე "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკელები" თუ ალასანიას პარტია, მაქსიმუმ ჯამურად, მიიღებენ ხმების სადღაც 25 პროცენტის ფარგლებში. რეალურად მივიღებთ პარლამენტს, სადაც მკვეთრად პროდასავლური ძალები იქნებიან უმცირესობაში. საუკეთესო შემთხვევაში, უმრავლესობაში შეიძლება მივიღოთ ცენტრისტული ძალები, როგორიც არის "ქართული ოცნება" და სალომე ზურაბიშვილის პარტია, რომელიც ამ ეტაპზე ფაქტობრივად, მე მიჭირს თქმა, ფუნქციონირებს თუ არა საერთოდ, იმდენად პასიურია. ეს არის რელობა, რომელიც საზოგადოების იმ ნაწილში შეშფოთებას არ იწვევს. თუმცა, მე ვფიქრობ, სახელმწიფოს განვითარებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის იმ დოზით შენარჩუნების თავლსაზრისით, რა დოზითაც დღეს საქართველო დამოუკიდებელია, აუცილებელია, რომ თავად ხელისუფლებამ შეიმუშაოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც რეალურად ამ დაჩქარებულ სწრაფვებს რუსეთისკენ, სულ მცირე შეანელებს.



_თქვენ საუბრისას ახსენეთ, რომ დღეს საზოგადოება აღარ ისჯება თავისი პრორუსული განწყობების ღიად გამოხატვისთვის... მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ წლების მანძლზე თუნდაც პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები და ცალკეული ფიგურები, ვერ ბედავდნენ ღიად საკუთარი პრორუსული განწყობის დაფიქსირებას და გაცხადებას იმისას, რომ ჩვენ არ გვჭრდება დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირება, ამას პირდაპირ თავის სახელი ერქვა - აგენტი და ქვეყნის მტერი. დღეს უკვე მსგავსი პოზიცია ჩვეულებრივ ნორმად იქცა და ეს ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. საზოგადოებაში ისინი ოკუპანტის სასარგებლო პროპაგანდას ეწევიან. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

 


_მე მიზეზებზე ვისაუბრე და ამას ემატება კიდევ ის, რომ საქართველოს საზოგადოებას, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში, ექმნება მითი ეკონომიკური აღორძინებისა. გარკვეულ ჭრილში შეიძლება მოჰყვეს ამას მართლაც საქართველოს წელში გამართვა, მაგრამ ეს ძალიან შორს იქნება იმ ილუზიებისგან, რა ილუზიებიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ილუზიები არსებობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს თვალსაჩინო საინფორმაციო იდეოლოგიური პოლიტიკა დასავლეთის წინააღმდეგ. მე ვერ ვიტყვი, რომ ამას ცენტრალიზებული სახე აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. მათი საინფორმაციო პოლიტიკის პოსტულატი გახლავთ ის, რომ შეეცადონ დასავლეთი გააიგივონ ჰომოსექსუალიზმთან. ეს იკვეთება, როგორც რუსული საინფორმაციო პოლიტიკის ღერძი. თუმცა, ბუნებრივია ამას ოფიციალური საინფორმაციო პოლიტიკის ნიშნები არ ახასიათებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების განწყობაზე ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად მოქმედებს.



_ამავე კონტექსტში მინდა გკითხოთ, საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, როცა აუცილებლობა დგება უკვე რუსეთისკენ სწრაფვების, როგროც თქვენ ბრძანეთ, სულ მცირე შენელებისა, როგორ შეაფასებთ პრემიერისვე განცხადებას, რომ უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი აღარ იხსენიება, როგორც ქვეყნის პოტენციური მტერი?


_ეს ჩემთვის სულ მცირე გაუგებარი განცხადებაა და არა მხოლოდ ჩემთვის, ზოგადადაც. სხვა რა სტატუსი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, მეგობრის სტატუსი? თუ საქართველოს მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ქვეყნის სტატუსი? არცერთ სხვა სტატუსში რუსეთი არ ჯდება. რა შეიძლება უწოდო ქვეყანას, რომელმაც ხუთი წლის წინ ტერიტორიების 25 პროცენტი წაგართვა, დაბრუნებას არ აპირებს, და არამც თუ დაბრუნებას არ აპირებს, არამედ რუსეთი საქართველოს განიხილავს, როგორც თავისი გეოგრაფიული სივრცის ორგანულ ნაწილს, ასეთი სურვილების მქონე ქვეყანას სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ? რუსეთი შორეულ პერსპექტივაშიც კი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ მათთან თანამშრომლობის რეჟიმს აღვადგენთ, უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც ყველაზე დიდი რისკი საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის. ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილში, თუ დეკლარირებულ ნაწილში არ მოხდება (და მე ვფიქრობ, რომ დეკლარირებულ ნაწილშიც) რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი რისკი და საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, უნდა დაფიქსირდეს. სახელმწიფოს უსაფრთხოების რეალური კონცეფცია უნდა აიგოს ამ მიმართულებაზე.



_პრემიერის განცხადებამ, საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავიშრებით, რამაც მაშინვე გამოხმაურება ჰპოვა რუსულ მედიაში, რა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენს დასავლელ პარტიონერბში, იგივე, ამერიკის შეერთებულ შტატებში? უშვებთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ ყველაზე ცუდი -დასავლეთმა ხელი აიღოს საქართველოზე? შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, იგივე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, ქვეყნისთვის სახიფათო ხასიათი ხომ არ შეიძინა?

 


_შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას საერთოდ ვერ ვხედავ, რა პოლიტიკურ დაპირისპირებაზეა საუბარი, პრეზიდენტი დამთავრდა როგორც პოლიტიკური ფიგურა საქართველოში, სააკაშვილს ვგულისხმობ და არა ზოგადად პრეზიდენტის პოსტს, ეს საფრთხე არ არსებობს. მეორე მხრივ, თუ საქართველოში ტერორისტები ემზადებოდნენ, იგივე დასავლეთს ძალიან კარგად შეუძლია გამოიყენოს, პირიქით თავისი აქტივობების გასააქტიურებლად საქართველოში. დაუშვათ მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას, მე არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ დამკვირვებლების მისიის შექმნა, იგივე ამერიკის თუ ნატოს ეგიდით, რომლებიც იმ ზონებს დააკვირდებიან, სადაც პოტენციურად შეიძლება მზადდებოდნენ ტერორისტები. პირიქით ეს განცხადება შეიძლება დასავლეთისთვის მომგებიანიც კი იყოს და ერთგვარ ანკესად გამოიყენოს სიტუაციის სათავისოდ შემოსატრიალებლად.


ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების ვალია, რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციოს, რა ხდება მის ქვეყანაში და რა პროცესები შეიძება მომავალში განვითარდეს, იგივე ირანის გააქტიურების თემა საქართველოში, ეს სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ძალიან მომრავლდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ირანის სახელმწიფო რადიოს ფილიალი გაიხსნა საქართველოში, ბევრი ირანელია დაინტერსებული საქართველოში ბიზნეს საქმიანობით თუ ცხოვრებით. ამისათვის სპეციალური გაზეთიც კი გამოუშვეს ირანელებმა, სადაც ისინი ქართულ ტრადიციებს და კანონმდებლობებს აცნობენ ირანელებს. განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო, როგორ ნაწილდებიან ირანელები რეგიონალურად, თავისთავად არცერთი ქვეყნის წარმომადგენელთა დაინტერესება ცუდი ფაქტი არ არის, მითუმეტეს თუ ისინი აპირებენ ბიზნესის გაკეთებას და ა.შ, მაგრამ მეორეს მხრივ, თავად ირანში, სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებადი რადიკალური ისლამური დაჯგუფება არსებობს და უვიზო რეჟიმის პირობებში, ამ ხალხის შემოდინება ფაქტობრივად ბარიერებს მიღმაა დარჩენილი. ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ქვემო ქართლში, ამ რადიკალური ისლამის მიმდინარეობამ, აქტიური "საგანმანათლებლო" მოღვაწეობა არ გაშალოს და ქვემო ქართლიც არ გვექცეს დაახლოებით ისეთ პრობლემად, როგორ პრობლემადაც შეიძლება ქცეულიყო პანკისი.
თავად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშრებით, რომ მსგავსი რაღაცები აღკვეთოს და ვფიქრობ, სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, პირველ რიგში, ქვემო ქართლში ირანელების გააქტიურების თემას.

 



ანანო კვაჭანტირაძე
,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42