საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ნორმანდიის ერთ-ერთ ეკლესიაზე თავდასხმაში მონაწილე პირები ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრები იყვნენ და დაჯგუფების სახელით მოქმედებდნენ.
ამის შესახებ ოლანდმა სენ-ეტიენ-დიუ-რუვრეში, თავდასხმის ადგილას მისვლისას განაცხადა.
ფრანსუა ოლანდის თქმით, “ისლამურმა სახელმიფომ” საფრანგეთს ომი გამოუცხადა. მისივე თქმით, თავდასხმის მიუხედავად, საფრანგეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას გააგრძელებს.
"ისლამურმა სახელმწიფომ" ომი გამოგვიცხადა. ჩვენ ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავერთიანდეთ, რადგან ტერორისტები არ გაჩერდებიან, სანამ ჩვენ არ შევაჩერებთ მათ” - განაცხადა ოლანდმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნორმანდიის რეგიონში დანებით შიარაღებულმა ორმა მამაკაცმა ეკლესიაში მძევლად 6 ადამიანი აიყვანა. მათ შორის იყვნენ მღვდელი, ორი მონაზონი და მრევლი. თავდამსხმელებმა ეკლესიაში მყოფ მღვდელს, 84 წლის ჟაკ ჰამელს დანით ყელი გამოჭრეს.
ორივე მამაკაცი პოლიციამ მოკლა.
ინციდენტი ქალაქ რუანიდან 10 კილომეტრში, სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში მოხდა.
"ისლამურ სახელმწიფოს" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები






