საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პირს შეხვდა. ძირითადი განსახილველი თემა გიორგი პაპუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იყო, რომლის თანახმადაც მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ასევე მზად არის შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორს კი ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.
,,საუბარი გვქონდა დეტალურად იმ ფორმებზე, რა ფორმითაც ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე, იმ შემაშფოთებელ ფაქტებზე, ასევე იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეაგირების გარეშე იყო ჩვენი მიმართვები, როგორც მთავარი პროკურატურისადმი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, იმედი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მინდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაიზიაროს ეს ინფორმაცია და ერთად მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ადეკვატური რეაგირება მოხდეს, გარანტია ჰქონდეს თითოეულ ჩვენთაგანს იმისა, რომ კი არ გაუარესდება მდგომარეობა, არამედ პირიქით, მოხდება შესაბამისი რეაგირება და სასამართლოს მიეცემა საშალება ნორმალურ ვითარებაში გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება იმის მოფიქრება, თუ როგორ შევხვდეთ მთავარ პროკურორს. მე არსად მისვლას არ ვაპირებ, თუ საჭირო იქნება ინფორმაციის მიწოდება, შევხვდები მთავარ პროკურორს“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეხვედრის შემდეგ სპეციალური განცხადება მედიისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა გაუგებარი უწოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოხმაურებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
„დღეს შეხვედრა მქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, როგორც მინიმუმ იყო გაუგებარი. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს პოლიტიკოსების შეშფოთება და ბუნებრივია, უნდა იყოს ამ საქმეში დეტალურად გარკვევის მცდელობა.
მე დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად გამომდინარე იქედან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. თავისთავად, ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი, რადგან ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე ვსაუბრობთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქარველოს პრეზიდენტსა და გიორგი პაპუაშვილს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გიორგი მრგვლეაშვილმა განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, სამართალდამცავების გამოყენებით, მის ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბრისად კონკრეტული ფაქტებისა და დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა:
,,სამწუხაროდ, ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა, ეს ტენდენცია ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა სამართალდამცავების ჩართვით. ეს იყო იმიტაცია და აქედან გამომდინარე, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა, გასაოცარი არ არის ჩემთვის. მე დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






