როგორც New York Times-თან ინტერვიუში ტრამპი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, შეერთებული შტატები ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავდასხმის შემთხვევაში დაცვის გარანტიით არ უზრუნველყოფს.
ტრამპმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ ნატოს წევრ ქვეყნებს მხოლოდ გარკვეული პირობებით უნდა ეხმარებოდეს. კერძოდ კი, პრეზიდენტობის შემთხვევაში ის ჯერ გაარკვევდა ნატოს წევრმა ქვეყანამ სრულად შეასრულა თუ არა საკუთარი ვალდებულებები.
აღნიშნულ განცხადებას მსოფლიოს მასშტაბით მკაცრი გამოხმაურებები მოჰყვა.
„ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს. მე არ მსურს ამერიკის საარჩევნო კამპანიაში ჩარევა, მაგრამ ორმა მსოფლიო ომმა აჩვენა, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა ამერიკის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია” - განაცხადა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ტრამპის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც გამოეხმაურა. მისი თქმით, აშშ კვლავინდებურად იღებს პასუხისმგებლობას მათ დაცვაზე.
„ჩვენი ადმინისტრაცია, ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაცია 1949 წლიდან - რესპუბლიკელებისაც და დემოკრატებისაც- კვლავინდებურად სრულადაა ჩართული ნატოს ალიანსში და ასრულებს პასუხისმგებლობებს, რომლებიც უშიშროების სფეროში ეკისრება მას ნატოს მეხუთე მუხლის მიხედვით - ეს უმნიშვნელოვანესი საფუძველია ნატოში ჩვენი წევრობისა და მასთან პარტნიორობისა” - განაცხადა კერიმ.
მასალის გამოყენების პირობები






