,,ნიუპოსტი" ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ,,ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ყურადღებას არ აქცევს მცირე და საშუალო ბიზნესს, არადა მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა გაიწოვოს უმუშევრობა".
_დასაქმების პრობლემა არის ნომერ პირველი პრობლემა. უმუშევრობა რეალურად 70%-ს აღწევს. წინა ხელისფულება მხოლოდ დეკლარირებას ახდენდა, სინამდვილეში კი მთელი მათი პლიტიკა მიმართული იყო იქითკენ, რომ სამუშაო ადგილები არ შექმნილიყო. 2011 წელს სამუშაო ადგილები 65 ათასით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2003 წელს. ეს პოლიტიკის ღერძული ნაწილია - მიდიხარ თუ არა შენ თავისუფალ მეწარმეობაზე, აძლევ თუ არა ადამიანებს დასაქმდნენ თავისი შრომისა და მონდომების შესაბამისად. ეს პოლიტიკა არ არსებობდა ქვეყანაში.
ახალი ხელისუფლება ამ დიდ პრობლემას ასე უცებ ვერ მოაგვარებდა, მხოლოდ შვიდი თვეა გასული, მაგრამ, ტემპების ჩამორჩენის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არის პრეტენზია. კერძოდ ის, რომ ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ყურადღებას არ აქცევს მცირე და საშუალო ბიზნესს, არადა მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა გაიწოვოს უმუშევრობა. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, იგივე კონსულტაციების, სახელმწიფო პროგრამების თვალსაზრისით კვლავაც არაფერი ხდება იმისთვის, რომ ადამიანებმა დაიწყონ საქმიანობა.
_საკანონმდებლო თვალსაზრისით თუ არის დაწყებული მუშაობა, იგივე შრომის კოდექსთან დაკავშირებთ?
_რაღაც მზადებები საკანონმდებლო თვალსაზრისით არის, თუმცა, მე ვფიქრობ, შვიდი თვის განმავლობაში უფრო ინტენსიურადაც შეიძლებოდა. მთავარი ის არის, რომ საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ბიზნესის დაწყება იმ მიდგომების ფარგლებში, რაც აქამდე არსებობდა, და სამწუხაროდ ეს მიდგომები ჯერ-ჯერობით შენარჩუნებულია, რადგან ბიზნესის დაწყება სახელისუფლო პროგრამებიდან გასულია. ის მთლიანად ჩავარდნილია მახინჯი საბანკო სისტემის ხელში და ბუნებრივია, ისეთი მოთხოვნები, როგორიც ბანკებს აქვთ, არავის შეუძლია, რომ დააკმაყოფილოს. ამიტომ ვერ იწყებს ადამიანი ბიზნესს. მერე რა, რომ წინა ხელისუფლებამ გაამარტივა ფირმების რეგისტრაცია, ერთი დღის შემდეგ გექნება ფირმის რეგისტრაცია ხელში თუ სამის, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. პრობლემას გადაწყვეტს ის, როდესაც კარგი იდეის, კარგი ბიზნესპროექტის მქონე ადამიანს შეეძლება, დაფინანსების თვალსაზრისით, ვინმეს მიაკითხოს. სამწუხაროდ, იგი ვერსად ვერ მივა, ბანკები მოჭრილად ერთი და იგივე იდიოტურ ფრაზას იმეორებენ, რომ სტარტაპს ისინი არ აფინანსებენ, დაზღვევის სისტემა არ არის, გადაზღვევის სისტემა არ მუშაობს, არაფერი არ არის და ადმიანი დარჩენილია თავისი თავის ანაბარა. სთხოვენ მას კრედიტის მისაღებად უამრავ ალტერნატიულ წყაროებს, სთხოვენ ქონებით უზრუნველყოფას, რომელიც სამჯერ და ოთხჯერ უნდა აღემატებოდეს რეალურად კრედიტს, რომელსაც ის ითხოვს და ა.შ. ამიტომ მთავრობამ ჯერ-ჯერობით ვერ მოასწრო ამ მიმართულებით ფიქრი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას შესანიშნავი კონცეფცია უდევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, რომელიც ,,ქართულ ოცნებაში" მომზადდა. ბიზნესმენები გაეცნენ მას, ძალიან აღფრთოვანებული იყვნენ, მაგრამ ძვრა არ არის.
ერთი სიტყვით უმუშევრობა რჩება პირველ, ჯერ-ჯერობით გადაუჭრელ ამოცანად და დიდი პრეტენზიების წაყენება 6-7 თვეში ახალი მთავრობისთვის არ შეიძლება, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მეტის გაკეთება შესაძლებელი იყო.
_რაც შეეხება მიწის პრივატიზების საკითხს, თქვენ საკუთარი მოსაზრება გაქვთ ამ საკთხთან დაკავშირებით და საკმაოდ კრიტიკულიც...
_მინდა გითხრათ, რომ მიწა სასიცოცხლო სივრცეა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს სწორედ იმისთვის, რომ თავისი თავი, თავისი კულტურა განავითარონ დ შეძლონ ღირსეული ცხოვრება. როცა ქართველი ხალხი მიზანმიმართულად იქნა გაღატაკებული და ამ დროს ლიბერტალიანული მიდგომები შემოიტა წინა ხელსიფულებამ - თითქოს ყველაფერი იყიდება, ღატაკ კაცს არ შეუძლია თავისი მიწის ყიდვა. ამიტომ ვართ სავალალო მდგომარებაში. აქ იკვეთება სწორედ ქართველი კაცისთვის სასიცოცხლო სივრცე და ამიტომ სასწრაფოდ უნდა იქნას შეჩერებული ეს მახინჯი კანონი, სანამ ქვეყნის განვითარების სტრატეგია ჩამოყალიბდება და ეს საკმაოდ მალე იქნება, სანამ ყველაფეწრი აიწონ-დაიწონება. მე სულაც არ ვარ მიწის ყიდვა-გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდ ხდებოდეს ქვეყნის და საზოგადოების ინეტერსებიდან და არა უკუღმა გაგებული ლიბერალური ეკონომკის ჩარჩოებიდან. სინამდვილეში ეს არანაირი ლიბერალური ეკონომიკა არ არის - ეს არის, უბრალოდ, მიზანმიმართული ძარცვა საკუთარი ქვეყნის.
_ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით, თქვენ გაქვთ ასევე საკუთარი მიდგომები. როგორ შეაფასებდით ამ მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს?
_შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმულია. როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის ტარიფი კიდევ უნდა შემცირდეს. მოდით ჩავუთვალოთ მთავრობას, რომ პირველი პოზიტიური ნაბიჯი იქნა გადადგმული. მე ვფიქრობ, მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ნელ-ნელა მოერიოს იმ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც წლებია ამ სფეროში ზიან და უამრავ ზემოგებას იღებენ. ამიტომ ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ნების საგანი არაა, არამედ რეალური სიტუაცია უნდა გავითვალისწინოთ. მე მესმის ყველაფერი, მაგრამ გაჩერება არ შეიძლება, ძალიან ცოტაა გაკეთებული, მაგრამ იმას სჯობს, რაც იყო.
ანანო კვაჭანტირაძე
,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






