თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა და მათ “დემოკრატიისა და მშვიდობის დასაცავავად გამოსვლა“ სთხოვა.
როგორც „ტელეგრაფი“ იტყობინება, სმს-ები ტელეფონზე „რტ. ერდოღანისგან“ გაიგზავნა, ტექსტის ბოლოს კი პრეზიდენტის სრული სახელი და გვარი - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იყო მითითებული.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა, რამდენიმე სამთავრობო შენობას ალყა შემოარტყა და საჰაერო იერიშიც განახორციელა. ამის შემდეგ სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების დაცვა სთხოვა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-ს შეადგენს, დაშავებულია 1 100 ადამიანი.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, დაღუპულთაგან 41 პოლიციელი, 2 ჯარისკაცი, 47 სამოქალაო პირი და 104 აჯანყებულია.
სულ დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 2 800 ადამიანი.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი.
მასალის გამოყენების პირობები






