ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვმა 200-სს გადააჭარბა. დაშავებულია 1400 ადამიანი.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, დაღუპულთაგან 41 პოლიციელი, 2 ჯარისკაცი, 47 სამოქალაო პირი და 104 აჯანყებულია.
სულ დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1563 ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს. ქვეყანაში კი კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი. მომხდარის გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო სტამბოლში ათათურქის აეროპორტის მუშაობა. ამჟამად აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა ადგილობრივი დროით 14:00 საათისთვის არის დანიშნული.
როგორც „ნიუპოსტს“ თურქეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ მირზა გამეზარდაშვილმა განუცხადა, ანკარასა და სტამბოლის ქუჩებში მეამბოხეებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიწყო.
შეირაღებული ძალების ნაწილმა გენშტაბის უფროსი დაატყვევა, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება ხელში ჩაიგდეს და გადატრიალების შესახებ ერთ-ერთი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს გამოაცხადებინეს.
შემდეგ უკვე სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ამბოხებულებმა საჰაერო სივრცეც დაიკავეს და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
თურქეთის პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, მოგვიანებით პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი CNN -ის თურქულ რედაქციას ტელეფონით ჩაერთო, მოსახლეობას ქუჩაში გამოსლისკენ და მთავრობის დაცვისკენ მოუწოდა. შემდეგ კი , მოსახლეობასაც შეხვდა.
საბოლოო ჯამში გადატრიალება არ შედგა. რა მდგომარეობაა ამ წუთებში თურქეთში დეტალებზე „ნიუპოსტს“ მირზა გამეზარდაშვილი ესაუბრა.
„ამ დროისთვის ვითარება სტაბმოლში შედარებით დასტაბილურდა, ქალაქის ქუჩებში ისევ ისმის სროლები, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. თურქეთის დროით სამ საათზე ქვეყნის მეთაურმა გააკეთა განცხადება და მას შემდეგ შეწყდა ტანკებიდან, ამ დროისთვის თვითმფრინავებიდან სროლაც არ იმიის“- განუცხადა „ნიუპოსტს“ გამეზარდაშვილმა.
თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ შეტაკების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200-სს გადააჭარბა.
„1 200 ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებებით თურქეთის სხვადასხვა ჰოსპიტალშია მოთავსებული”- ამბობს გამეზარდაშვილი.
რესპონდენტი გუშინდელ, მძიმე ღამეეს იხსენებს და ამბობს რომ თურქეთის ცენტრში განვითარებული პროცესების უშუალო თვითმხილველია.
„ბუნებრივია, ქალაქი პანიკამ მოიცვა, შეწყდა მოძრაობა, დაიკეტა აეროპორტები, თუმცა ერთიანობის მუხტიც იგრძნობოდა, თურქეთის მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩაში, მათ პოლიციის გზები გადაკეტილი ჰაქონდათ. ის, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა კრახით დასრულდა, ეს მოსახლეობის დამსახურებაა. ვისაც იარაღი ჰქონდა, იარაღით გავიდა ქუჩაში, ვისაც დროშა ჰქონდა - ისე იდგა ტანკების წინ, ისინი საკუთარი ძალებით, პოლიციასთან ერთად იცავდნენ სახელმწიფო შენობებს და ბოსფორის ხიდს“- იხსენებს თვითმხილველი.
მირზა გამეზარდაშვილის განცხადებით, მან ვერ მოახერხა ათათურქის აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციის მოძიება, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამო ეს შეუძლებელი გახდა.
მისი თქმით, თურქეთი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
„დილიდან აღდგენილია ყველა სატრანსპორტო საშუალების მუშაობა, აეროპორტებიც ჩვეულ რეჟიმში იწყებს მუშაობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობა იგრძნობა ქვეყანაში“- განუცხადა „ნიუპოსტს“ საქართველოს მოქალაქემ.
დავით ჯაბაშვილი


მასალის გამოყენების პირობები






