ნიცას აეროპორტში ევაკუაცია მიმდინარეობს
ამის შესახებ RT იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ევაკუაცია საეჭვო ჩანთამ გამოიწვია, რომელიც აეროპორტში იპოვეს.
ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.
ნიცაში უსაფრთხოების ზომები გუშინდელი ტერაქტის შემდეგ გაძლიერებულია.
შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. „ბასტილიის აღების დღის“ აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.
თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლი ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი, დაშავებულია 100. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია დაშავებულთაგან 18 -ის მდგომარეობა კრიტიკულია, რაც მსხვერპლის გაზრდის საშიშროებას ქმნის.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.
მასალის გამოყენების პირობები






