საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების დამატებითი ზომები იქნება მიღებული. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა რამდენიმე საათის წინ, ტელე-მიმართვისას განაცხადა. მომხდარის ფონზე კი საფრანგეთი სირიასა და ერაყში სამხედრო მოქმედებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„საფრანგეთი გარდაცვლილებს გლოვობს, ეს ძალიან მძიმეა, თუმცა ჩვენ იმ ფანატიკოსებზე ძლიერები ვართ, ვინც თავსგვესხმიან. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თვის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ სამი თვით გაგრძელდება. ჩვენ უკიდურესი ძალადობის მოწმეები გავხდით და ნათელია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამის შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ რეალურ ძალასა და სამხედრო მოქმედებებს სირიასა და ერაყში“, - განაცხადა ოლანდმა.
ტერაქტის შემდგომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიზისული ცენტრი შეიქმნა, მინისტრმა, ბერნარ კაზანოვმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია სატვირთოს სალონში, ეროვნებით ტუნისელი, ნიცაში მცხოვრები მამაკაცის ID-ბარათის პოვნის თაობაზე. მისი თქმით თავდამსხმელის ვინაობას გამოძება ადგენს.
„ამ დროისთვის 80 ადამიანია დაღუპული, ათობით კი დაშავებული. ამჟამად მიმდინარეობს თავდამსხმელების იდენტიფიკაცია, ჩვენ ბრძოლას ვუცხადებთ ტერორისტებს, რომლებსაც უნდათ, რომ თავსდაგვესხან და ჩვენს წინააღმდეგ ყველაზე ძალადობრივი გზები გამოიყენონ“, - განაცხადა შს მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






