პრემიერმა ჩუგოშვილის შემდეგ ტრიბუნასთან ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია მოიხმო. პრემიერის თქმით, გახარიას დამთავრებული აქვს ლომონოსოვის უნივერსიტეტი აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
ოცნების სიაშია ამავე პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პროფესიით იურისტ კობახიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლობდა გერმანიაში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტად და პროექტების მენეჯერად. კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. დღეიდან მმართველი პარტიის წევრია ჯანდაცვის სისტემის ექსპერტი - აკაკი ზოიძე. რაც შეეხება განათლებას დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოცნების სიაში აღმოჩნდა არჩილ თალაკვაძე, რომელიც ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტია, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდაUSAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, შემდგომ, 2 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში. ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.
ქართული ოცნების ახალ სიაშია მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე. თამარ ხულორდავა - სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეა წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად. ის იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი.
ფსიქოლოგი, ექიმი. ინტელექტკლუბის „რა სად როდის" წევრი ირინა ფრუიძეც ვიხილეთ პრემიერის გვერდით და შესაბამისად ოცნების რიგებში.
მმართველ ქარტიას შეუერთდა ახალგაზრდა ბიზნესმენი კახა კუჭავა, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა, დამთავრებული აქვს ნოტინგემის უნივერსიტეტი კორპორაციული სამართლის მაგისტრი, ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით.
პრემიერმა დღეს მამუკა მდინარაძეც დაასახელა, რომელიც სამართლის დოქტორია და საადვოკატო საქმიანობას ეწევა. იგი დღემდე არის ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე და საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის ხელმძღვანელი.
მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა და დღემდე ხელმძღვანელობს „სოლიდარობის ფონდს" არის ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი.
ცესკოს ყოფილი წევრი, საკრებულოს წევრი „კონსერვატორების" პარტიიდან ნინო გოგუაძე დღეიდან "ქართული ოცნების" წევრია. ეს უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.
რომან კაკულია - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ოცნების წევრი გახდა.
პრემიერმა დღეს სახელი სოფო 3- ჯერ გაიმეორა, შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი იურისტი. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სოფო კილაძე ერთ-ერთი პირველი იყო ვინც სცენაზე ავიდა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა მაქს-პლანკის ინსტიტუტში.
კიდევ ერთი სოფო ოღონდ ქაცარავა - ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანიც "ქართულ ოცნებას" შეუერთდდა.
ქაცარავა უცხო ენების სპეციალისტია იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტების კოორდინატორი. ასევე საელჩოში სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. მანამდე მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში.
სოფო ჯაფარიძე - პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სამართლებრივი ექსპერტი, სასჯელარასრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
პრემიერი დარწმუნებულია, ქართული ოცნება 8 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ სიის მცირე ნაწილი გახდა ცნობილი, პრემიერს არაფერი უთქვამს ნუმერაციაზე. ამბობენ იმასაც, რომ საგურამოში შეკრება ნაჩქარევად გადაწყდა, რადგან დღითიდღე აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების საარჩევნო სიის დაკომპლექტება საეჭვოდ გაჭიანურდა. არადა ხელისუფლების წევრები ჯერ კიდევ 2 თვის წინ აკეთებდნენ განცხადებებს, რომ სრული სია ყრილობის შემდეგ გახდებოდა ცნობილი. თუმცა როგორც ამბობენ კალაძის მიერ შემუშავებული სია ივანიშვილმა დაიწუნა და შემადგენლობა საბოლოო ჯამში დღესაც არ არის ცნობილი.
ქართული ოცნების სიაში შესაძლოა, კიდევ ორი მაღალჩინოსანი მოხვდეს. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილეები, ლაშა აბაშიძე და ირაკლი ლექვინაძე თანამდებობებს ტოვებენ და საპარლამენტო მანდატისთვის იბრძოლებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე არ ადასტურებს, თუმცა, ქართული ოცნებიდან შეთავაზებას არ გამორიცხავს, ამ ეტაპზე კი ამბობს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.
საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-თბილისის თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის თქმით, ექსპერიმენტული ცვლილებები თბილისის მერიაში გრძელდება. მისი განცხადებით, მერიაში თანამდებობებზე შემცვლელები ქართუ ჯგუფიდან იქნებიან შერჩეული, რომლებიც მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულებით გამოირჩევიან.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი უთანხმოება მაჟორიტარი კანდიდატების ირგვლივ არსებობს.
ისიც ირკვევა, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ქართული ოცნება მოლაპარაკებებს „რესპუბლიკელებთანაც“ აწარმოებდა თუმცა დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებელი თამაში გადაწყვიტა. გიგლა აგულაშვილი კი მშობლიურ პარტიას გაემიჯნა და სავარაუდოდ, მას ოცნება მაჟორიტარად დაასახელებს.
მაჟორიტარების სიაში ყოფნა გარანტირებული აქვთ, ორი მინისტრს კახი კალაძესა და თეა წულუკიანს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის სოზარ სუბარის საკითხიც.
ძველი სახეებიდან სიაში რჩებიან ირაკლი ტრიპოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი სესიაშვილი და მანანა კობახიძე
ყველა მათგანი ქართულ ოცნების ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტიდან მაჟორიტარების სიაში გადაინაცვლეს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეეკო..
ჩამოთვლილი მინისტრებიდან დღეს ამ საკითხზე განცხადება მხოლოდ დანელიამ გააკეთა. მთავრობის წევრი ადასტურებს, რომ საარჩევნო სიებზე მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
ოთარ დანელიას განცხადებით, კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს და პოზიციები საბოლოოდ არ არის შეჯერებული.
მთავრობის წევრები ადასტურებენ, რომ რამდენიმე მინისტრთან აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები საპარლამენტო სიაში ყოფნასა და მაჟორიტარობაზე.
„ჩემს დეპუტატობასთან დაკავშირებით მე ადრეც მითქვამს, ვინაიდან მე ვარ გუნდის წევრი ყველგან მიუხედავად იმისა, რა პოზიცია მექნება, სადაც ჩემი რესურსი იქნება აუცილებელი, ბუნებრივია, იქ დავდგები. თუმცა, ვფიქრობ, მასმედიამ ცოტა იჩქარა, რადგან ეს არ არის ჯერ შეჯერებული პოზიცია. რა თქმა უნდა, ყოფილა კონსულტაციები და მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მოცემულობა. ამის შესახებ განცხადებას გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.
საგულისხმოა რესპუბლიკური პარტიის ორი მინისტრის წასვლისა და განათლების მინისტრის შეცვლის შემდეგ, თუკი სამი მინისტრი მაჟორიტარობის კანდიდატი გახდება და პრემიერი კიდევ ერთ მინისტრს შეცვლის, მაშინ პარლამენტს ახალი ნდობის გამოცხადება მოუწევს - წავა თუ არა ამ რისკზე კვირიკაშვილი უცნობია.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა როდის წარადგენს მაჟორიტარებს „ქართული ოცნება“ და პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
„როგორც კი გადაწყდება სიის გასაჯაროვება, წინასწარ გაგაგებინებთ“- გვითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






