მსოფლიოს ყოფილი N1 ტერორისტის უსამა ბინ ლადენის შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება. იგი აცხადებს, რომ აუცილებლად იძიებს შურს მამის მკვლელობისათვის.
ჰამზა ბინ ლადენი აცხადებს, რომ იგი გააგრძელებს მამის საქმეს და მსოფლიოში მოქმედ ყველა ისლამისათვის მებრძოლ დაჯგუფებათა მთავარ სამიზნედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აქცევს. აღნიშნული განცხადება მან საიტ Intelligence Group-ზე გავრცელებულ 21 წუთიან მიმართვაში "ჩვენ ყველა უსამა ვართ", გააკეთა.
"ჩვენ მოგაყენებთ დარტყმებს როგორც თქვენს ქვეყანაში, ასევე ყველგან, სადაც იქნებით და ეს იქნება თქვენს მიერ პალესტინელი, ავღანელი, სირიელი, იემენელი, ერაყელი და სომალელი ერების ჩაგვრაზე პასუხი. ეს არ იქნება შურისძიება უსამასთვის, როგორც თქვენს მიერ მოკლული ადამიანისათვის, არამედ ეს იქნება შურისძიება ისლამის დასაცავად მებრძოლი უსამასთვის," - აცხადებს ბინ ლადენის შვილი.
შეგახსენებთ, რომ ბინ ლადენი 2011 წელს პაკისტანში სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






