BBC--ს ცნობით, ებრაელი არქეოლოგები ატარებენ 2013 წელს ქალაქ აშკელონში ნაპოვნ ადამიანის ჩონჩხის დნმ-ის ანალიზს, რათა გაარკვიონ ბიბლიაში მოხსენიებული ძველი ფილისტიმელების წარმოშობის საკითხი.
ეს ხალხი, რომლის კვალიც სამუდამოდაა გამქრალი, დღევანდელი თელ-ავივიდან ღაზამდე, ისრაელის სანაპირო ზოლში, სახლობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1200-600 წლებში. მათ შესახებ ცნობები მხოლოდ ბიბლიაშია მოთხრობილი, კერძოდ ფილისტიმელი იყო ის გოლიათი, რომელიც დავით წინასწარმეტყველმა დაამარცხა შურდულის გამოყენებით.
ებრაელი მეცნიერის დანიელ მასტერის განცხადებით, აშკელონის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფილისტიმელების წარმოშობის საკითხის გარკვევაში.
„ჩვენ გვაქვს 145 ადამიანის ჩონჩხის დეტალი. ეს საშუალებას გვაძლევს არამარტო მათი სარიტუალო წესები და ტრადიციები აღვადგინოთ, არამედ მათი ცხოვრებოის წესზეც მოვიპოვოთ გარკვეული ინფორმაცია,“ - აცხადებს მეცნიერი.
ცნობილია, რომ ფილისტიმელები ლაპარაკობდნენ ენაზე, რომელიც ინდო-ევროპულ ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი იყვნენ ზღვაოსნები და ვაჭრები. ისინი არ იყენებდნენ წინადაცვეთას, ჭამდნენ ღორისა და ძაღლის ხორცს.
„ცხადია, ისინი არ იყვნენ ადგილობრივი წარმოშობის, ისინი განსხვავდებოდნენ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სემიტური ერებისაგან“ - აცხადებს მასტერსი.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ფილისტიმელებს მიკენური წარმოშობა ჰქონდათ, რადგან მათ თიხის ჭურჭელზე არსებული შავი და წითელი ორნამენტები კრეტა-მიკენის ეპოქისათვისაა დამახასიათებელი, რომელიც ეგეოსის რეგიონში ყვაოდა.
მასალის გამოყენების პირობები






