,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გარდაიცვალა 1976 წელს დაბადებული მსჯავრდებული ხ.დ.
ხ.დ სასჯელს იხდიდა სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებული ჩართული იყო "მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის" პროგრამაში.
"2013 წლის 14 აპრილს 22:00 საათზე მსჯავრდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გარდაცვლილს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოძიება ელოდება ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რის შემდეგაც დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
ამასთან, მომხდარ ფაქტს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი ქუთაისის ციხეში ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო პორტალი newpress.ge ავრცელებს. სააგენტოსვე ცნობით, გარდაცვლილი პატიმარი ციხის ე.წ. მაყურებელი იყო.
როგორც newpress.ge იუწყება საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ქუთაისის #2 ციხეში ნარკოტიკული საშუალებები თავისუფლად შედის, რასაც ე.წ. მაყურებლები მოიხმარენ.
მასალის გამოყენების პირობები






