შეიძლება ითქვას, რომ წერილის მთავარ, მითითებულ ადრესატსა და ნაგულისხმევ ადრესატებს წერილის ნამდვილობაში თავიდანვე არ შეჰპარვიათ ეჭვი. შესაძლოა, იმის გამო, რომ მსგავს განცხადებას ელოდნენ კიდეც. სამაგიეროდ, იგი მიუღებელი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" იმ მომხრეებისთვის, რომლებისთვისაც არაფერი იყო ცნობილი მოძრაობის შიგნით არსებული ფარული დაპირისპირების შესახებ.
იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილსა და ძმებ ახალაიებს შორის დაპირისპირება არსებობდა, ჯერ კიდევ წერილის გამოქვეყნებამდე კარგა ხნით ადრე ჭორაობდნენ - მაშინაც კი, როცა არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თვით "ქართულ ოცნებას" ეჩვენებოდა დაუჯერებლად. ჭორი ჭორად რჩებოდა, რადგან ამ დაპირისპირებას არც არავინ ადასტურებდა და, აქედან გამომდინარე, გარეშე თვალისთვის ის არც ჩანდა. დაპირისპირების მოტივები და მიზეზები, ალბათ, თავად ამ დაპირისპირების ობიექტებმა ან ვიწრო წრემ იცის, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სათავე პირადი წყენაა. რამდენად მასშტაბურია ეს წყენა, ძნელი გასარკვევია. ფაქტია, რომ ორივე მხარე მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა, ორივე მხარის გარემოცვის ლიბერალები ამბობენ, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იყო ან შეუძლებელია.
საქართველოში ბაჩო ახალაიას დაბრუნებამ, მისმა დაკავებამ და სასამართლო პროცესებმა ეს დაპირისპირება თანდათან უფრო თვალსაჩინო თუ არა, შესამჩნევი მაინც გახადა. ყველამ კარგად დაინახა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ კიდევ შეუძლია ქუჩაში მომხრეების გამოყვანა, როცა ამას მათივე გუნდის წევრის პრესტიჟის დაცვა ითხოვს. ამისთვის საკმარისია, თუნდაც მხოლოდ გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია გავიხსენოთ - "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა, შესაბამისად, მხარდამჭერთა ერთსულოვნება იმ აქციის დროს სახეზე იყო.
იგივეს ვერ ვიტყვით ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრთა ნაწილის აქტიურობასთან ახალაიას სასამართლო პროცესზე, ხოლო მეორე მხრივ, სახეზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთიანი მიდგომის არარსებობა: არავითარი აქცია ნაცმოძრაობის ინიციატივით, არავითარი ერთობლივი განცხადება...
თუ მიზეზების ძებნას დავიწყებთ, ამ პასიურობის ახსნის დროს გვერდს ვერ ავუვლით რამდენიმე ვერსიას:
ა) ბაჩო ახალაიას პერსონის მითოლოგიზაციისა და მის მიმართ საზოგადოების ნაწილის განწყობის გამო "ნაციონალური მოძრაობა" ერიდება მის გაიგივებას მოძრაობასთან და ცდილობს, პარტიის აქტიურობა არ უკავშირდებოდეს ბაჩო ახალაიას დაცვას;
ბ) ვანო მერაბიშვილი, როგორც ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, აღწევს იმას, რომ თავისი პირადი, უარყოფითი განწყობა ახალაიებისადმი გაავრცელოს ნაცმოძრაობის ვერტიკალზე და ისინი დაარწმუნოს, რომ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთება, ნებისმიერი აქტიურობა მის დასაცავად, პოლიტიკურად წამგებიანი იქნება პარტიისთვის;
გ) იმის გამო, რომ დარწმუნებული არიან, სასამართლო განხილვა ბაჩო ახალაიას მაინც ვერაფერს დაუმტკიცებს, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური სახეების ნაწილი თავს იკავებს წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან და პარტიის პასიურობა არა ბაჩო ახალაიას პერსონის იგნორირებად, არამედ ტაქტიკურ ნაბიჯად მიაჩნია.
დ) ბოლო ვერსია კი ისაა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოხატა "პოზიციაში": დათა ახლაია, ვთქვათ, იგივე გიგი უგულავასგან განსხვავებით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი არ არის 2003 წლიდან, ანუ იგი არ არის პოლიტიკური ფიგურა...
რა თქმა უნდა, ბოლო ვერსიის როგორც სასარგებლო, ასევე საწინააღმდეგო არგუმენტები არსებობს: ერთი მხრივ, წესით, დათა ახალაია 2003 წლის შემდეგ ვერ იქნებოდა პარტიის აქტივისტი, რადგან მის მიერ დაკავებული თნამდებობები, გარკვეულწილად, ზღუდავდა ამის დაშვებას, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პირი, რომელიც ბოლოს ისეთი მნიშვნელოვანი უწყებების მინისტრი იყო, როგორებიცაა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე რჩება მმართველი გუნდის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. მით უმეტეს, როცა ვანო მერაბიშვილმა აქტიურად დაუჭირა მხარი გიგი კალანდაძეს, რომელიც ასევე, ვერ იქნებოდა და არც იყო პარტიის აქტივისტი...
სხვათა შორის, ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ შედგა, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა და მეგობარმა თეა თუთბერიძემ ვანო მერაბიშვილს ჰკითხა კიდეც, ბაჩო ახალაიას პროცესზე ერთხელაც არ გამოჩენილხართ, არც მისი მხარდამჭერი განცხადება გაგიკეთებიათ და ხომ არ გგონიათ, რომ ბაჩოს თქვენგან მხარდაჭერა აკლიაო. ვანო მერაბიშვილმა მაშინ უარყო - სულაც არ ვფიქრობ, რომ ბაჩო ახალაიას პარტია ვინმეზე ნაკლებად უჭერს მხარსო, მაგრამ ეს სწორედ ის იყო, რაც ზემოთ აღვნიშნეთ: დაპირისპირების არსებობის არდადასტურება და გარეშე თვალისგან მისი დაფარვა.
უახლოეს წარსულში რომ გადავინაცვლოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ კულუარული ინფორმაციის თანახმად, ახალაიებმა და მეგის ქარდავამ საქართველოდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ყოფილ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების შედეგად მიიღეს და ქვეყნიდან მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ. ალბათ გახსოვთ, რა ხმების გავრცელება მოჰყვა ამ წასვლას: "მოტეხილი" 10 მილიონი, რომელიც თითქოსდა, დათა და ბაჩო ახალაიებმა წაიღეს და ბრაზილიაში წავიდნენ, ხმები თავდაცვისა და შს სამინისტროების ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე...
ამის შემდეგ მიიღო ბაჩო ახალაიამ გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნების შესახებ: როგორც მისი ახლობლები ამბობენ, პირადად, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე. რასაკვირველია, ბაჩო ახალაიამ იცოდა, რა ნაბიჯზეც მიდიოდა და ისიც იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ. მაშინ ნაცმოძრაობის საპირისპირო ბანაკში ითქვა, რომ ბაჩო ახალაიამ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო - ამ ვერსიის მიხედვით, ის ციხეში უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, ვიდრე გარეთ, მაგრამ ამ გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ბაჩო ახალაიას სახით მაშინ საქართველოში დაბრუნდა საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული პირი:
უკვე თვეებია, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და თვით "ქართული ოცნების" ყველაზე აჟიტირებული მხარდამჭერებიც კი ვერ მალავენ, რომ ეს პროცესი ერთგვარ კომედიად იქცა იმის გამო, რომ უკვე დაკითხული იმ 30 მოწმის ჩვენებიდან, რომელიც საქმეში არსებობს, ბაჩო ახალაიას ბრალი მხოლოდ ორი მიმართულებით იკვეთება: შეგინება და იძულება ეყვირათ: "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას!". "ფეისბუქზე" გვერდიც კი შეიქმნა, სადაც "ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის კომიკური ფრაზები" იყრის თავს, საკვანძო ფრაზა კი ბაჩო ახალაიას ადვოკატისა და ბრალდების ერთი მოწმის ამ დიალოგიდანაა აღებული:
მოწმე: "მან გვითხრა, რომ თუ არ ივარჯიშებთ, შემოვა რუსი ვანია და მოგი****თ დედასო";
ადვოკატი: "ახლა თუ გრძნობთ იმას, რომ რუსი ვანია შემოსულია და დედას გი***ავთ?".
ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ გამოიყენებდა სასამართლო პროცესებზე შექმნილ მსგავს კომიკურ სიტუაციებს "ნაციონალური მოძრაობა", განსასჯელის სკამზე რომ ბაჩო ახალაიას ნაცვლად სხვა ცნობილი სახე იჯდეს და ის, რომ პარტია ამას არ აკეთებს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს: პარტიულ ვერტიკალში ცდილობენ, ბაჩო ახალაია და ნაცმოძრაობა ერთმანეთისგან გამიჯნონ.
აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ გამიჯვნაში ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა ვანო მერაბიშვილია, ბუნებრივია, ახალაიებს მის მიმართ პრეტენზია ჰქონდათ და სწორედ ეს აისახა დათა ახალაიას წერილში. ბევრი, მათ შორის, ახალაიების მეგობრებიდან მიიჩნევს, რომ დათა ახალაიამ იჩქარა, როცა წერილი 19 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. კაცმა რომ თქვას, ასეც არის, რადგან ამ წერილმა, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობა" დააზარალა და არამარტო მათი ერთიანობა დააყენა ეჭვქვეშ, ზოგიერთს 19 აპრილის აქციაზე წასვლის სურვილიც კი გაუქრო.
თუმცა, საბოლოოდ, წერილი უარყოფითად მაინც არ ასახულა აქციის ჩატარებაზე: სამეგრელოდან თბილისში ჩასულებს შორის როლანდ ახალაიას შტაბის წევრებიც იყვნენ, აქციაში ბაჩო და დათა ახალაიების მეგობარი "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი სახეებიც მონაწილეობდნენ და საერთოდ, შემდგომი დუმილით დათა ახალაიამ გააღრმავა ეჭვი, რომ წერილი მას არ ეკუთვნოდა. როგორც ახალაიების უახლოესი გარემოცვიდან ხდება ცნობილი, წერილის გამოქვეყნების მეორე დღესვე როლანდ ახალაია მართლაც მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და ვანო მერაბიშვილს შეხვდა.
ამავე წყაროებზე დაყრდნობით ცხადი ხდება, რომ მათ შორის არა ხმამაღალი საუბარი (როგორც ზოგი მედიასაშუალება იტყობინებოდა), არამედ გულახდილი საუბარი შედგა და როლანდ ახალაიამ ვანო მერაბიშვილს პირადი წყენის გვერდზე გადადება და საერთო საქმისთვის ერთად დგომა შესთავაზა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა მიიღო კიდეც. ამას დაემატა ბაჩო ახალაია გზავნილი ციხიდან, ოჯახის წევრების მისამართით: "ახლა მკვეთრი მოქმედებების დრო არ არის", რამაც თავისი როლი ითამაშა და, შეიძლება ითქვას, მხარეები დაზავდნენ, ანუ მოხდა ის, რაც მანამდე უნდა მომხდარიყო და რასაც დაპირისპირებული მხარეებისგან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები წერილის გამოქვეყნების შემდეგ ითხოვდნენ...
ამ ვერსიით, არანაირი გარიგება არ მომხდარა, უბრალოდ, ორივე მხარეს ეყო ძალა, პირისპირ დამსხდარიყვნენ და არ დაეშვათ, რომ მათი დაპირისპირება "ქართულ ოცნებას" გამოეყენებინა. სწორედ ამიტომ, ახლა უკვე არაფრისმთქმელია "ქართული ოცნების" ოთხი წამყვანი პერსონის გზავნილი იმის თაობაზე, რომ თუ დათა ახალაია გამოძიებასთან ითანამშრომლებს, შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არც კი დადგეს - სწორედ ეს ვარაუდები გამოთქვეს ერთმანეთის მიყოლებით არჩილ კბილაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უპორტფელო პრემიერმინისტრად წოდებულმა გია ხუხაშვილმაც და, გუშინ უკვე თეა წულუკიანმაც...
დათა ახალაიას ქმედება და ის, რომ წერილი 15 აპრილს გამოქვეყნდა და არა 19 აპრილის შემდეგ, მაინცდამაინც ძნელი ასახსნელი არც არის. იქედან გამომდინარე, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადრე გაჩენილი ეჭვები მისი ძმის დაპატიმრების შენდეგ, დათა ახალაიას აზრით, დადასტურდა, მას სწორედ ვანო მერაბიშვილი მიაჩნია ფიგურად, რომელმაც წინა ხელისუფლება ყველაზე მეტად დააზარალა. შეიძლება ითქვას, რომ დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს "ქართულ ოცნებასთან" კავშირში არა, მაგრამ კოალიციის მიმართ ზედმეტად კომპრომისულ მიდგომაში ადანაშაულებს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგაც.
უნდა ითქვას, რომ დათა ახალაია ამ შეფასებაში მარტო არ არის: კულუარული ინფორმაციით, თვითონ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" სულ უფრო ხშირად გაისმის პრეტენზია ვანო მერაბიშვილის მიმართ. ძირითადად, ბაჩო და დათა ახალაიების მეგობრები მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიაში ვერ ასრულებს ე.წ. გამაერთიანებლის როლს და არაა ის ფიგურა, ვის ირგვლივაც ყველა დაირაზმება. ამის მიზეზად ისევ და ისევ კომპრომისული, ლოიალური დამოკიდებულებები სახელდება. ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის "მოტეხვას" ცდილობს და მისი საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის.
მაგრამ არსებობს ასევე ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილია ის ფიგურა, ვის ირგვლივაც უნდა დაირაზმონ. მათი ლოგიკის ამოსავალი წერტილი ვანო მერაბიშვილის რეიტინგი და იმიჯია - ისინი არცთუ უსამართლოდ მიიჩნევენ, რომ მერაბიშვილი ნაკლებად გამაღიზიანებელი ფიგურაა და მას თვით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც არ თვლიან მიუღებელ პერსონად. ამ ნაწილის აზრით, ვანო მერაბიშვილის თვისებების, მისი იმიჯის გამოყენება პატრიის სასარგებლოდ შეიძლება და მის მოკვეთაზე, მისგან გამიჯვნაზე საუბარი ამ ეტაპზე უადგილო და მიუღებელია...
ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის, საბოლოოდ რომელი განწყობა გაიმარჯვებს "ნაციონალურ მოძრაობაში". მით უმეტეს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ორივე მხარე მისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს...
ამ ეტაპზე ფაქტი ისაა, რომ, რაც უნდა სამწუხარო იყოს მისი მომხრეებისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დაყოფილია ორ ფრთად; ოღონდ ამას, ალბათ, არცერთი ფრთის წარმომადგენლები არ დაადასტურებენ.
რაც შეეხება დათა ახალაიას ნაბიჯებს მომავალში, ალბათ, ბევრს გაუცრუვდება იმედი: დათა ახალაია არ გეგმავს აქტიურობას და ძმის სასამართლო პროცესს ისევ საქართველოდან შორს მყოფი დააკვირდება. საშინელი სკანდალები და მოსალოდნელი კომპრომატები, რომელთა მოლოდინში ზოგი მონდომებით იფშვნეტდა ხელს, არ იქნება. არც სარფიდან, არც ლარსიდან და არც ფსოუდან დათა ახალაია საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.
ჯერჯერობით ასეა. და მანამდე, იქნებ, ძველმა თანამებრძოლებმა გამონახონ კიდეც საერთო ენა - ბოლოს და ბოლოს, იმაზე უფრო მკვეთრად დაპირისპირებულები შერიგებულან, ვიდრე, სავარაუდოდ, ახალაიები და მერაბიშვილი არიან.
ყოველ შემთხვევაში, უკვე გამოკვეთილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ისედაც არცთუ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს მათი ერთობის ხილვა უფრო გაუხარდებათ, ვიდრე კომპრომატების ომში მონაწილეობა...
ლაშა ბერულავა
მასალის გამოყენების პირობები






