თურქეთის ანტალიის პროვინციაში მდებარე ქალაქ ქემერის მულიციპალიტეტი მზად არის, გასული წლის ნოემბერში თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის სუ 24-ის გარდაცვლილი მფრინავის ოლეგ პეშკოვის ოჯახს საკურორტო რაიონში სახლი გადასცეს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ანტალიაში რუსეთის გენერალურმა კონსულმა ალექსანდრ ტოლსტოპიატენკომ განაცხადა.
დიპლომატის თქმით, გარდაცვლილი მფრინავის ოჯახისთვის სახლის გადაცემის სურვილი ქალაქ ქემერის სამთავრობო დელეგაციამ რუსეთის საკონსულოში ვიზიტისას გამოთქვა. მისივე თქმით, სახლის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიღებულა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, “ტკივილის შესამსუბუქებლად" მფრინავის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი განიხილოს.
შეგახსენებთ, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა გასული წლის ნოემბერში, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის სუ 24-ის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.
გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო სანქციები დააწესა. მოსკოვი ანკარასგან ბოდიშის მოხდასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვდა.
რამდენიმე დღის წინ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც ბოდიშს იხდიდა. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ერდოღანს ბოდიში არ მოუხდია, მან მხოლოდ მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პილოტის გამო.
აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შედმეგ, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს დაურეკა და სამძიმარი გამოუცხადა.
ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ, რაც ნოემბერში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
დღესვე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






