ამ დროისთვის გაფიცვის აქციაში ჩართული არიან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები, საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 80 აჭარბებს.
საინკასაციო სამსახურის წარმომადგენლები ბანკში დაცვის პოლიციის შესვლის გამო შრომითი პირობების მოსალოდნელ გაუარესებას აპროტესტებენ. გაფიცული თანამშრომლები 11:00 საათზე, გაგარინის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისთან შეიკრიბნენ.
ოფიციალური განცხადება ინკასაციის სამსახურთან დაკავშირებით "საქართველოს ბანკმა" 23 აპრილს გაავრცელა და ამ სამსახურის დაცვის პოლიციისთვის გადაცემას უსაფრთხოების მეტი გარანტიებით ახსნა:
"საქართველოს ბანკი" გადადის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზებული სამსახური - კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინ დააარსა.
ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ბანკის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს წინასწარ ეცნობათ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, ხოლო, გათავისუფლების შემთხვევაში კანონით დადგენილ კომპენსაციასაც გადაუხდის.
დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაევლოთ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით", - აცხადებს "საქართველოს ბანკი".
მასალის გამოყენების პირობები






