კრემლის ცნობით, ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ შექმნილი ვითარების დარეგულირების სურვილს გამოხატავს.
რუსული მედიის ცნობით, წერილში, თურქეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილი რუსი მფრინავის ოჯახს და მზადყოფნას გამოთქვამს, გააკეთოს ყველაფერი რუსეთსა და თურქეთს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად.
თურქულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა გასული წლის ნოემბერში, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის სუ 24-ის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.
გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო სანქციები დააწესა. მოსკოვი ანკარასგან ბოდიშის მოხდასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






