განცხადების თანახმად, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს; გარემოს დაცვის სამინისტროში გადადის ბუნებრივი რესურსების სააგენტო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი.
"ამ რეორგანიზაციის პროცესში გადასულ სეგმენტს მიყვება სამინისტროს კუთვნილებაში მყოფი სამი ძვირად ღირებული ავტომანქანა. ვინაიდან ენერგეტიკის სამინისტრო ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით ჰესების მშვენებლობა -რეაბილიტაციის, გამრიცხველიანების, გაზიფიკაციის ობიექტების მონიტორინგს და საჭიროებს გარკვეული რაოდენობის ოპერატიული მანქანებს, გამოცხადდა ტენდერი. აღსანიშნავია, რომ ძვირად ღირებული, დიდი ლიტრაჟის მქონე ავტომობილების ნაცვლად (ძრავი 4.0; საწვავის ხარჯი 25 ლიტრი X100კმ-ზე) მოხდება შედარებით იაფასიანი მაღალი გამავლობის საბაზისო მოდელის ავტომობილის შესყიდვა, რომლის საწვავის ხარჯიც იქნება არაუმეტეს 10 ლიტრისა 100 კმ-ზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამომავლოდ სამინისტრო სხვა ძვირად ღირებული ავტომანქანების ეტაპობრივად ჩანაცვლებას აპირებს იმავე ფუნქციების, შედარებით დაბალფასიანი მანქანებით.
"აღნიშნული შესყიდვით, წლის განმავლობაში დაზოგილი იქნება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხები საწვავის მნიშვნელოვანი ეკონომიის ხარჯზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, ორი ახალი ვერცხლისფერი ავტომობილის შეძენაზე ელექტრონული სატენდერო განცხადება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამინისტრო ორი ერთეული მსუბუქი მაღალი გამავლობის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვას გეგმავს. ავტომობილები 2013 წელს უნდა იყოს გამოშვებული და გარბენი 40 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 500 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება 26 აპრილს იწყება და 30 მაისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






