BREXIT - ჩერჩილისთვის უღირსი შედეგი, დაქსაქსული ევროპის რუსული ოცნება და NATO
პოზიცია - 19:45, 24 Jun, 2016     9414
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა ისტორიულმა რეფერენდუმმა, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, მსოფლიო მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო. მოსახლეობის აქტივობამ 71,8 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს დიდ ბრიტანეთში 1992 წლიდან არჩევნებზე აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 1973 წელს გახდა.

წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებით, 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ევრო კი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 3 %-ით გაუფასურდა. რეფერენდუმის შედეგი აზიურ საფონდო ბირჟებზეც და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზეც აისახა. 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ექვსი პროცენტით დაეცა.

რეფერენდუმის შედეგების გამო გაერთიანებული სამეფო შესაძლოა ორი წევრის გარეშე დარჩეს. განცხადებები დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ უკვე გაკეთდა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგების თანახმად, შოტლანდიელებს ევროკავშირში დარჩენა სურთ, ნიკოლას ტერჯენმა არ გამორიცხა, რომ შოტლანდიაში შესაძლოა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების რეფერენდუმი კიდევ ერთხელ ჩატარდეს.

რეფერენდუმის შედეგების გასაჯაროვების შემდგომ, დევიდ კემერონმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით გაერთიანებულ სამეფოს ახალი ლიდერები სჭირდება და შესაბამისად, იგი მთავრობის სრული შემადგენლობით სამ თვეში გადადგება. კამერონმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს საზოგადოების გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის შედეგები ბრიტანელების ცხოვრების წესზე დიდ გავლენას არ იქონიებს.

დევიდ კემერონს პოსტზე სავარაუდოდ ბორის ჯონსონი ჩაანაცვლებს. ლონდონის ყოფილი მერი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი მთავრობის ფორმირება სწორედ ჯონსონს მოუწევს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კი პირობას დებს, რომ გააკეთებს ყველაფერს ერთიანობის შენარჩუნებისათვის. ბრიტანელების გადაწყვეტილებამ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა მთლიანი გაერთიანება. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ბრიტანეთის გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო შეხვედრის საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგში ერთიანობის შენარჩუნების საკითხი დგას. ლიდერთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ დომინოს ეფექტი გამოიწვიოს. დონალდ ტუსკის განცხადებით, ახლა ისტერიკის დრო არ არის:

„არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენ გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ სხვა შედეგის მიღება გვინდოდა, პოლიტიკურად ეს ძალიან დრამატული მომენტია და შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ ყველა ის პოლიტიკური შედეგი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. სამწუხაროდ დღეს მხოლოდ 27 წევრი დავრჩით და ვაპირებთ რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა ამ შემადგენლობით, ვთანხმდებით, რომ ჩვენი კავშირი არის ჩვენი უდიდესი მომავლის ჩარჩო. ჩვენ არ დავდგებით სამართლებრივი ვაკუუმის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ფორმალურად ტოვებს ევროკავშირს“, - განაცხადა ტუსკმა.

ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს ევროპარლამენტის თავმჯდომარე. მარტინ შულცი მიიჩნევს, რომ დღეს ევროპას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია და ევროზონის დასაცავად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

მსოფლიო ლიდერთა ნაწილი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თუმცა, აცხადებს, რომ ევროპა ლონდონთან ჩართულობას განაგრძობს.

უკმაყოფილება გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც: „ცუდი ამბები შევიტყვეთ ბრიტანეთიდან, ევროპისთვისაც და გაერთიანებული სამეფოსთვისაც ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნავს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

ისტორიული რეფერენდუმის შედეგებსა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოშიც აფასებენ. დიპლომატები, პოლიტიკოსები და ექსპერტები საუბრობენ იმაზე, თუ რა შედეგებს მოიტანს მომხდარი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.

საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ მომხდარი ევროკავშირისთვის არის სერიოზული დარტყმა. დიპლომატის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ერთადერთი, ვისაც შეუძლია თქვას, რომ გაიმარჯვა, არის რუსეთის ფედერაცია, რადგან დაქსაქსული ევროპა არის რუსეთის ოცნება:

„მომხდარი რა თქმა უნდა ევროკავშირისთვის არის სერიოზული დარტყმა, მაგრამ, როგორც ყველა კრიზისი, ამ შემთხვევაშიც ეს კრიზისი იძლევა შესაძლებლობას ევროკავშირისთვის, რათა მან დაიწყოს სიღრმისეული, ენერგიული რეფორმები რომ უზრუნველყოს საკუთარი მომავალი, ბრიტანული ევროსკეპტიციზმი არ წარმოშობილა ცარიელ ადგილას, ევროკავშირში, ბრიუსელის ბიუროკრატიაში პრობლემები ნამდვილად არსებობს. მაგრამ ჩემი აზრით, ევროკავშირიდან გამოსვლის ინციატორების წარმატება უზრუნველყო არა ამ კონკრეტულმა პრობლემებმა, არამედ პოპულიზმა, ერთადერთი მხარე, რომელსაც გარანტირებულად შეუძლია თქვას, რომ რაღაცას მიაღწია 23 ივნისს, არის რუსეთი, დაქსაქსული ევროპა, ეს არის რუსეთის ოცნება, ასეთი ევროპა, არის ევროპა, სადაც რუსეთი ბევრად უფრო ადვილად მოიპოვებს გავლენას“,- აცხადებს გიორგი ბადრიძე.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით ბერძენიშვილის შეფასებით ის არაა დარწმუნებული, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა მნიშვნელოვანი, პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება:

„ვფიქრობ, რომ ჩერჩილის და ვიქტორიანული ეპოქის ღირსი შედეგი არ არის. ლონდონმა ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, ახალგაზრდებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას, შოტლანდიელებმა და ჩრდილოეთ ირლანდიელებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას. გადაწყვეტილება, მომავლის ნაცვლად, მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა. ემიგრანტების წინააღმდეგ ხმა მისცა პროვინციამ, რომელსაც თვალით არ უნახავს ემიგრანტი. ემიგრანტები ცხოვრობენ ლონდონში და ლონდონმა თქვა, რომ ვართ მზად, ცხოვრება მათთნ ერთად გავაგრძელოთო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი, პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ 10-15 წლის შემდეგ ბრიტანეთმა თავისი იდენტურობა დაიბრუნოს.

საქართველოშიც შეიძლება მოიძებნოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროპა ცუდია და დავუჯეროთ ბრიტანეთის იმ ძალებს, ვინც ეს გადაწყვეტილება უზრუნველჰყო, მაგრამ ეს არ არის სერიოზული. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან ვიზალიბერალიზაციას. მგონი, მოვასწრებთ ვიზალიბერალიზებულ საქართველოდ ქცევას, მაგრამ ჰოლანდიასა და გერმანიაში ანტიევროპულმა პარტიები ძლიერდებიან, შეტევა არის ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა “- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აღნიშნულ საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან, სტრუქტურის რღვევას არ გამოიწვევს:

„არ მესმის იმ ადამიანების ლოგიკის, რომლებიც ერთის მხრივ სუბრობენ Brexit-ს უკვე დამანგრეველ ეკონომიკურ შედეგებზე ინგლისელებისათვის და მეორეს მხრივ, აცხადებენ, რომ ეს რეფერენდუმი გააძლიერებს მარი ლეპენის ტიპის პოლიტიკოსებს ევროპაში. თუ რეფერენდუმის ეკონომიკური შედეგი საგანგაშოა, მაშინ სჯობდა ეს გაკვეთილი ევროპას ინგლისის მაგალითზე ესწავლა, რომლის გასვლაც ევროკავშირიდან ამ გაერთიანებას ვერ დაანგრევს. განსხვავებით საფრანგეთისაგან, სადაც ევროსკეპტიკოსების გამარჯვებამ, შესაძლოა მართლაც დაასრულოს ევროპული ინტეგრაციის პროექტი. ასე რომ, როგორც ყველა კრიზისი, ბრიტანეთის რეფერენდუმიც შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ-ევროსკეპტიკოსების პოზიციების შესარყევად“, - წერს სალომე სამადაშვილი.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ მომხდარი არ შეიძლება განხილული იყოს გლობალურ ჭრილში, რადგან ეს ყოველივე არ შეიძლება გახდეს ევროკავშირის რღვევის მიზეზი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრნი არიან, არ მიბაძავენ დიდ ბრიტანეთს:

„ვთვლი, რომ რეფერენდუმის შედეგად ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ვერ გახდება ვერანაირად პრეცენდენტი იმისა, რომ დაიშალოს ევროკავშირი, ბრიტანეთი 1973 წლიდან გახდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მაგრამ ის ნაკლებად იყო ინტეგრირებული ევროკავშირის ფარგლებში, კერძოდ ბრიტანეთი არ გახლდათ შენგენის ზონის წევრი სახელმწიფო, ასევე, ბრიტანეთი არ გახლდათ ევროკავშირის მონეტარული სისტემის შემადგენელი ნაწილი, მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის 20 ქვეყანაში ბრუნვაში ევროა, მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა თავად განაცხადა უარი ევროზონაში შესვლაზე. შეიძლება ითქვას, არასასურველია, რომ ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან მიმართებით არ არის გამორიცხული, გარკვეულმა პრორუსულმა ძალებმა წამოიწყონ ახალი პროვოკაციული პროპაგანდა, თუ რა საჭიროა ევროკავშირში საქართველოს შესვლაზე საუბარი, როცა თვითონ ევროკავშირი იშლება, თუმცა, ეს არის ტყუილი, რადგან ბრიტანეთის პრეცენდენტი იქნება ერთადერთი. არ მგონია ევროპის ცნობილი სახელმწიფოების ინტერესებში შედიოდეს ევროკავშირიდან გასვლა, მათ შორის თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, უდიდესი სახელმწიფოები მოსახლეობის თვალსაზრისით, ეს ქვეყნები ერთმანეთთან გაცილებით ინტერგრირებულნი არიან“, - აცხადებს ჩიტაძე.

მისივე თქმით, ეკონომიკის თვალსაზრისით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა არ გამოიწვევს კრიზისს, ბრიტანეთი კი ევროკავშირთან ურთიერთობას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განაგრძობს:

„გლობალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს, ბრიტანეთი რა თქმა უნდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გააგრძელებს ურთიერთობას ევროკავშირთან. ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუმცა, სასურველი იყო, რომ ბრიტანეთი დარჩენილიყო ევროკავშირში, შესაძლოა ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა 3-4 %-ით შემცირდეს, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთის საფონდო ბირჟაზე მოდის მსოფლიოში წარმოებული ფინანსური ოპერაციების 50 %-ზე მეტი და ბრიტანეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი. გავითვალისწინოთ ბრიტანეთის ეკონომიკური პოტენციალიც, იგი მდიდარია ნავთობით და გაზის მარაგებით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გავითვალისწინოთ ის, რომ მანქანათმშენებლობა, ავია და სარაკეტო მშენებლობის დარგებია განვითარებული ამ ქვეყანაში, გლობალური მასშტაბით არ მგონია, რომ რადიკალურ ცვლილებებს ჰქონდეს ადგილი, არ ვთვლი, რომ შესაძლოა აღნიშნულმა ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია“, - განმარტავს ნიკა ჩიტაძე.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა დაიშალა, რადგან ყოველივეს ქვაკუთხედი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც უცვლელი რჩება:

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა დაინგრა და რაღაც კატასტროფული მოხდა მისთვის, ცუდია ევროკავშირისთვის, თუმცა, მთავარი ქვაკუთხედი არის ნატო, რომელიც უცვლელად რჩება. რა თქმა უნდა მომხდარი ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა, რადგან ამან შესაძლოა ბიძგი მისცეს სხვა მოვლენებს, რომლებიც გამოსაცნობად რთულია, თუმცა, ის, რომ ბრიტანეთი არ იყო მთელი პაკეტის ნაწილი, ეს ფაქტია. ეს იყო უფრო პრაგმატული გადაწყვეტილება. ჩვენთვისაც არის გამოწვევა, რადგან ჩვენთვის საგარეო კურსის მიმართულებით კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა გაჩნდა, ლონდონი, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, რომლის საგარეო პოლიტიკაც აღარ არის დამოკიდებული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ახალ რეალობაში მოგვიწევს მოქმედება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას გავართვათ თავი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს დროის დაკარგვა სხვადასხვა რეფორმების გატარების კუთხით, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას დააჩქარებს, თუნდაც შესაძლებლობების ხელიდან გაშვება, როგორც უკრაინის შემთხვევაში იყო, რადგან ახლა პირიქით, კიდევ უფრო ძლიერი დიპლომატია იქნება საჭირო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

აღნიშნულ თემაზე „ნიუპოსტთან“ კომენტარს აკეთებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინიც. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ახლა მაქსიმალური აქტივობით უნდა იმუშაოს ევროკავშირში, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, კავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სკეპტიკოსების დასაბალანსებლად კი საქართველომ უნდა იმუშაოს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები:

„დიდი ბრიტანეთის საზოგადოების გადაწყვეტილება, ბუნებრივია, მოახდენს გავლენას როგორც ევროპის განვითარებაზე და მის მომავალზე, ასევე მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და გლობალურ ეკონომიკაზეც. ამ წუთისთვის ნაადრევია იმის თქმა, რომ კონკრეტულად ამის გამო შეიცვლება ჩვენი პერსპექტივა ნატო-ში ინტეგრაციასთან მიმართებით. შიდა პროცესები, რომლებიც რეფერენდუმის შემდეგ განვითარდება დიდ ბრიტანეთში, იქნება დიდ წილად განმსაზღვრელი ევროპის განვითარების პერსპექტივისა. ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენს ასევე შოტლანდიისა და ირლანდიის საკითხებზე. რა თქმა უნდა ეს პროცესები იქნება დროში გაწელილი, აპოკალიფსურ სცენარებს ვერ ვხედავ, ამას დრო გვაჩვენებს. რაც შეეხება საქართველოს, პირველ რიგში ჩვენმა მთავრობამ უნდა გაიაზროს ერთი რამ, რომ ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი მკაფიო მხარდამჭერი ყოველთვის იყო დიდი ბრიტანეთი, რადგან იგი ყოველთვის აფიქსირებდა ანტირუსულ მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ ის როლი, რომელსაც ასრულებდა დიდი ბრიტანეთი, იყოს შესრულებული სხვა ქვეყნების მიერ, რომ ის სკეპტიკოსები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ჩვენს მიმართ საფრანგეთსა და გერმანიაში, იყვნენ დაბალანსებულნი. ამისთვის საჭიროა მუშაობა პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან 40 წლიანი ურთიერთობა დაასრულა. მაშინ, როდესაც Brexit-ის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ, ევროპელი ლიდერები რეფერენდუმის დღეს „დრამატულსა და სამწუხაროს“ უწოდებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42