გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გლობალიზირებულ სამყაროში სახელმწიფოებს გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდებათ.
გავრცელებული ცნობით, 27 ივნისს გერმანიის კანცლერი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის შეხვდება და მათთან ერთად მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.
გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
მოსახლეობის აქტივობამ 71,8 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს დიდ ბრიტანეთში 1992 წლიდან არჩევნებზე აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები






