შოტლანდიის მთავრობის მეთაურის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, შოტლანდია საკუთარ თავს მხოლოდ ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს. სტერჯენის თქმით, შოტლანდიის მთავრობა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე ახალი რეფერენდუმის მომზადებაზე მუშაობას იწყებს.
"მეორე რეფერენდუმის პერსპეტქივა მაგიდაზე უნდა იდოს და ეს მაგიდაზე დევს! შოტლანდიის მთავრობა დაიწყებს საჭირო საკანონმდებლო პროცედურების მომზადებას იმისთვის, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს" - განაცხადა სტერჯენმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შოტლანდიამ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას მისცა ხმა.
გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
მოსახლეობის აქტივობამ 71,8 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს დიდ ბრიტანეთში 1992 წლიდან არჩევნებზე აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა , რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები






