ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ბრიუსელი დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის სხვა შედეგებს ელოდა, თუმცა ნეგატიური სცენარისთვის მზად იყო. მან რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების დღეს "დრამატული" უწოდა.
"ბოლო წლები ორგანიზაციის ისტორიაში, ყველაზე რთული იყო. თუმცა მე ყოველთვის მახსოვს ის, რასაც ბავშვობაში მამა მეუბნებოდა - “რაც არ გკლავს, გაძლიერებს” - განაცხადა ტუსკმა.
ევროპარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის თქმით, ევროკავშირი რეფერენდუმის შედეგებისთვის კარგად მომზადებულია, თუმცა ის წუხს, ბრიტანელების გადაწყვეტილების გამო. ამასთან, ევროპარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის ამომრჩეველთა სურვილს პატივს სცემს.
"40 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება ევროკავშირისადმი ორაზროვანი იყო. ახლა ეს ნათელია. ამომრჩეველთა სურვილს პატივი უნდა ვცეთ. ახლა, უნდა დავიწყოთ სწრაფი და ნათელი მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასასვლელად" - წერს შულცი თვითერზე.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ რეფერენდუმის შედეგებს „სამწუხარო“ უწოდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კი რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია.
„ამბები, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ვიგებთ, ნამდვილად იმედგამაცრუებელია. ეს მწუხარე დღეა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის“- აცხადებს შტაინმაიერი.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა , რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიდევიდ ქემერონი ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იყო.
ევროკავშირის დატოვების შესახებ ბრიტანეთში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






