ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართება.
“მე შევთავაზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, გავმართოთ 27 ქვეყნის არაფორმალური შეხვედრა 28-29 ივნისს დაგეგმლი ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომ განვიხილოთ სამომავლო მოქმედებები” - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, ბრიუსელი დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის სხვა შედეგებს ელოდა, თუმცა ნეგატიური სცენარისთვის მზად იყო. მან რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების დღეს "დრამატული" უწოდა.
"ბოლო წლები ორგანიზაციის ისტორიაში, ყველაზე რთული იყო. თუმცა მე ყოველთვის მახსოვს ის, რასაც ბავშვობაში მამა მეუბნებოდა - “რაც არ გკლავს, გაძლიერებს” - განაცხადა ტუსკმა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ნორმა იმოქმედებს, ვიდრე ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა არ დასრულდება.
ტუსკის განცხადების შემდეგ , რამდენიმე წუთში კი ცნობილი გახდა , რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს.
რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერებიც.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ რეფერენდუმის შედეგებს „სამწუხარო“ უწოდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კი რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია.
„ამბები, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ვიგებთ, ნამდვილად იმედგამაცრუებელია. ეს მწუხარე დღეა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის“- აცხადებს შტაინმაიერი.
ბრიტანეთში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






