ამის შესახებ "ნიუპოსტს" თავად ოპერირებულმა სტუდენტმა უთხრა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. სტუდენტის თქმით, ოპერაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიტარა:
"ბრმანაწლავი გამისკდა და გადაუდებელი ოპერაცია დამჭირდა, ჩემმა სადაზღვევო კომპანიამ ოპერაციის ხარჯი 100%-ით აანაზღაურა, კლინიკაში ხელი მოვაწერე კიდეც და ყველაფერი იურიდიულადაა გაფორმებუილი. დღეს კი შინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაციის საფასურის 20% უნდა გადავიხადო.
ვინც მელაპარაკა, თავი წარმიდგინა, როგორც კლინიკის იურისტმა. როცა მიზეზით დავინტერესდი, ასე ამიხსნა, ეგ 100% დაფინანსება არჩევნებამდე მოქმედებდა, თქვენ წინადღეს გაიკეთეთ და მერე ახლმა ხელისუფლებამ წესები შეცვალა, ახლა ახალი წესებით გვიწევს მუშაობა და ამიტომაც დაგირეკეთო", - ამბობს სტუდენტი.
"ნიუპოსტმა" ინფორმაცია წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან საავადმყოფოშიც გადამოწმა, სადაც ყოფილ პაციენტთან დარეკვის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა სხვაგვარად ახსნეს:
"იმ სადაზღვევო კომპანიიდან, რომელსაც ხარჯები უნდა დაეფარა, ჩვენს ანგარიშზე მხოლოდ ოპერაციის თანხის 80% გადმოირიცხა. ამიტომაც დავუკავშირდით ყოფილ პაციენტს და ვთხოვეთ, გაერკვია. რაც შეეხება ახალი მთავრობის ახალ წესებს, ამის შესახებ არაფერი გვითქვამს, მისი ინტერპრეტაცია იქნება", - უთხრა "ნიუპოსტს" კლინიკის წარმომადგენელმა, რომელმაც, ამავე დროს, პასუხი არ გასცა კითხვას იმის თაობაზე, რატომ არ დაუკავშირდა კლინიკა თვითონ სადაზღვევო კომპანიას.
მასალის გამოყენების პირობები






