აშშ-ს შტატ კოლორადოში დედამ 5 წლის შვილი პუმას თავდასხმისაგან იხსნა. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, დედას ეზოდან ბიჭის ყვირილი შემოესმა. იგი გარეთ გავიდა და დაინახა, რომ წაქცეულ ბავშვს პუმა თავზე ედგა. დედამ მტაცებელს მარვენა ხელი ხახაში ჩასჩრა, რათა იქიდან ბავშვის თავი დაეხსნა, ხოლო მარცხენათი პუმას თათს მოკიდა ხელი.
პუმა დაფრთხა და გაიქცა. ბავშვი ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფება, მას თავი და კისერი აქვს დაზიანებული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დედას ხელზე ნაკბენი აქვს, ხოლო ფეხი დაკაწრული.
პოლიციამ პუმა მალევე იპოვა და მოკლა, ხოლო ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მოკლული იქნა მეორე პუმაც, რომელიც დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
კოლორადოში დაახლოებით 4500 პუმა ცხოვრობს, რომლებიც საკვების უკმარისობის გამო ხშირად უახლოვდებიან დასახლებულ პუნქტებს.
მასალის გამოყენების პირობები






