16 ივნისს, გრინვიჩის დროით 12:50 წუთზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან 41 წლის ელენ ჯოანა (ჯო) კოქსი ამომრჩევლებთან შეხვედრის მიზნით ბერსტალის საარჩევნო ოლქში განთავსებულ ოფისში მივიდა. ამ დროს მას მიუახლოვდა მამაკაცი, რომელიც უკვე რამდენიმე წუთი მისაღებში ტრიალებდა. მამაკაცმა, 52 წლის ტომას მეირმა, მას ორჯერ ესროლა, ხოლო მას შემდეგ, რაც კოქსი დაეცა, მესამე გასროლა თავში მოახდინა და რამდენჯერმე ჩაარტყა დანა.
მკვლელმა იქვე მყოფი 77 წლის მამაკაციც დაჭრა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა, იგი სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებისას იგი ყვიროდა "Britain first" - "ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა".
ინგლისური მედიის ცნობით, იგი ნეონაცისტურ დაჯგუფების წევრი იყო და სამხრეთ აფრიკაში გამომავალ აპარტეიდის მხარდამჭერ ჟურნალს იწერდა, მეზობლები და ნატესავები აცხადებენ, რომ მეირი მარტოხელა, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო და სავარაუდოდ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა.

ბრიტანელი პარლამენტარის მკვლელობამ შოკში ჩააგდო არამარტო პოლიტიკოსები, არამედ მთლიანად ქვეყნის საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი ქვეყანაში უკანასკნელად 26 წლის წინ მოხდა. 1990 წელს ირლანდიელმა ტერორისტებმა, მარგარეტ ტეტჩერთან განსაკუთრებით დაახლოებული კონსერვატორი პარლამენტარის იენ გოუს ავტომობილი ააფეთქეს.
პოლიცია ჯერჯერობით არაფერს ლაპარაკობს მკვლელობის მოტივებზე, თუმცა საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მკვლელობა სწორედ პოლიტიკური მოტივით მოხდა.
ჯო კოქსი გამოირჩეოდა აქტიური პოლიტიკური გამოსვლებით, რომლის ძირითადი ლეიტმოტივი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრად დარჩენისა და სირიელი ბავშვებისათვის ქვეყანაში თავშესაფარის მიცემისკენ მოწოდებები იყო. ამის შესახებ გამოძიებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ამ მკვლელობამ უკვე გარკვეული გავლენა მოახდინა სარეფერენდუმო კამპანიაზე, ორივე ბანაკმა - როიგორც ევროკავშირის მომხრე,მ ასევე მოწინააღმდეგე მხარემ გადადო უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქციები, ხოლო პოლიტიკოსები, მათ შორის მთავრობის უმაღლესი პირები, ფაქტის კომენტარებისას თავს არიდებენ მოკლული პარლამენტარის პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბარს.გამონაკლისი პრემიერი დევიდ კამერონია, რომელმაც დეპუტატის მკვლელობის ადგილას გვირგვინი მიიტანა და განაცხადა, რომ კოქსი აქტიურად იყო ჩართული სარეფერენდუმო კამპანიაში.
ლეიბორისტების ლიდერის ჯერემი კორბინის განცხადებით, ორშაბათს ბრიტანეთის პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელიც ამ ფაქტზე იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები






