ამის შესახებ ამყოლაძემ გაზეთ "პოსტსკრიპტუმს" უთხრა. პაპისეული სახლი ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე , 75 ნომერში მდებარეობს.
სახლი ამყოლაძესა და გიორგი ჯავახაძეს შორის წლებია დავის საგანია. როგორც ზვიად ამყოლაძის მამობილი გიული ლოლომაძე ამბობს, წლების წინ ჯავახაძეები მდგმურად შესახლდნენ ზვიადის ბაბუის სახლში, შემდეგ კი, როდესაც სახლის არასრულწლოვანი მფლობელი, ზვიად ამყოლაძე დაობლდა, ჯავახაძეები შეეცადნენ, სახლის ნაწილი მიეთვისებინათ.
"მეგონა, სასამართლოს ვერ მოატყუებს და არაფერი გაუვა სიმართლესთან -მეთქი, მაგრამ სასამართლომ გამწირა. არ შეამოწმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე დაადასტურა, რომ ჯავახაძე ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. სახლის ნაწილი მიაკუთვნეს ჯავახაძეს, რომელსაც არასოდეს უცხოვრია ამ მისამართზე, ამის დასადასტურებლად ელემენტარული კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და ნასყიდობის თანხის გადახდის დოკუმენტებიც კი არ წარმოუდგენია.
ვითხოვდი, სასამართლოს ადგილზე დათვალიერებით შეესწავლა საკითხი, რაც თვალნათლივ დაანახებდა მოსამართლეს, რომ სახლის ის ნაწილი ამოქოლილი მაქვს, ვინაიდან საცხოვრებლად უვარგისია, მაგრამ მათ იგნორირება გაუკეთეს ჩემს კანონიერ მოთხოვნას. არაერთ ინსტანციას და უწყებას ვთხოვე დახმარება, საჩივრით მივმართე მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. იმედი მაქვს, რომ ამ დროში მაინც ვიპოვი სიმართლეს და სახლის კუთვნილ ნაწილს დავიბრუნებ, საიდან გამოსახლებითაც მემუქრებიან" - აცხადებს ზვიად ამყოლაძე.
მასალის გამოყენების პირობები






