გთავაზობთ აღნიშნულ დოკუმენტებს:
დოკუმენტი 1
"საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით
სამტრედიის N54 ოლქში შესაძლო საარჩევნო დარღვევასთან მიმართებაში
მიმდინარე წლის 12 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ინფორმაცია სამტრედიის #54-ე ოლქში შესაძლო საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით. მასალა კომისიას, უშიშროების საბჭოსთან არსებულმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ შესწავლის მიზნით წარმოუდგინა.
მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვეოდა, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში, ხვნა-თესვის პროგრამაში ჩართულები იყვნენ "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტები. მათ სოფელში შეჰყავდათ ტრაქტორები და მათივე განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა იყო კოალიცია "ქართული ოცნების" გამოგზავნილი, რის საფუძველზეც მოსახლეობას კოალიციის კანდიდატისთვის უნდა მიეცა ხმა 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში. ტრაქტორებს კი სოფელში ქართული ოცნების შტაბის კოორდინატორი ვაჟა კოხრეიძე ანაწილებდა და ამ პროცესში უშუალოდ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კახიანიც იყო ჩართული.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა მოკვლევა: გამოკითხა სამტრედიის მაცნეს ჟურნალისტი და მასალაში დასახელებული სხვა პირები.
შედეგად, საქმის ირგვლივ არსებული მასალების ანალიზისა და მოკვლევის საფუძველზე ცესკო მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი კახიანს არ დაურღვევია საარჩევნო კანონმდებლობა. ასევე დგინდება, რომ მიწის ნაკვეთების დახვნის პროცესში ადგილზე არ იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების აქტივისტები და ადგილი არ ჰქონია საარჩევნო აგიტაციას. ამ პროცესში ასევე არ მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები. შესაბამისად არ მომხდარა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება."
დოკუმენტი 2
"საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით
სამტრედიის N54 ოლქში შესაძლო საარჩევნო დარღვევასთან მიმართებაში
15 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ №54 ოლქში შესაძლო საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის ინფორმაცია მიიღო, რომელიც თავის მხრივ უწყებათაშორის კომისიას ნაციონალურმა მოძრაობამ გადასცა.
16 აპრილს იგივე დარღვევასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ ლომიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წერილობით მიმართა.
როგორც წარმოდგენილი ფოტომასალებიდან ირკვეოდა სამტრედიის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში საარჩევნო აგიტაციებში ჩართული არიან საჯარო მოსამსახურეები და თანამდებობის პირები, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებიდანაც, როგორც სამტრედიის რაიონიდან, ისე მთლიანად რეგიონიდან. კერძოდ, "ქართული ოცნების" სამტრედიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ავთანდილ თევზაძე; ხოლო საარჩევნო შეხვედრებს აქტიურად ესწრებიან სამტრედიის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსი გია გვაზავა და ხონის რაიონის პოლიციის უფროსი თეიმურაზ კიღურაძე.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა მოკვლევა და გამოკითხა ზემოაღნიშნული პირები. მოკვლეული მასალებისა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, #54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით დგინდება, რომ ავთანდილ თევზაძე არ არის "ქართული ოცნების" სამტრედიის შტაბის ხელმძღვანელი; ხოლო სამტრედია-ვანის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსი გია გვაზავა "ქართული ოცნების" შტაბის წინ შპს "ლიბრას" მაღაზიაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. თავმჯდომარის გადაწყვეტილებითვე ხონის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის თეიმურაზ კიღურაძის სახელზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სამტრედიის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. 2013 წლის 21 აპრილს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ზემოხსენებული საკითხი და გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ თეიმურაზ კიღურაძის მიმართ. გადაწყვეტილების მიხედვით მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას თ.კიღურაძის "ქართული ოცნების" შტაბის შენობაში ყოფნა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას."
მასალის გამოყენების პირობები






