"მოწოდების სიმაღლეზე ვიყავი, მედიამ მომცა საშუალება კარგად გავხსნილიყავი, კარგად ვპასუხობდი"- აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე კი ყველაზე მეტი დრო ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლების და "რუსთავი 2"- ის კრიტიკას დაუთმო.
ყოფილი პრემიერის თქმით, თუ მისი ანალიზი საზოგადოებამ ვერ გაიგო და საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ნახევარზე ნაკლები იქნება, ის ჟურნალისტებსა და საზოგადოებას დაემშვიდობება. თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, როგორც ვნახავ, რომ ნახევარზე ნაკლებზე წამოვიდა, საზოგადოებამ ჩემს პოზიციას არ დაუჭირა მხარი, თქვენც დაგემშვიდობებით, მოგენატრებით..."- თქვა ივანიშვილმა.
მოუწევს თუ არა ჩემოდნების ჩალაგება ქვეყნის რიგით, მაგრამ გავლენიან მოქალაქეს 8 ოქტომბერს და აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ თავზე გადაჭარბებული შეხედულება, ამის გარკვევას "ნიუპოსტი" პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან შეეცადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან/მოსამართლე ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადება ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.
მამუკა ახვლედიანს ბიძინა ივანიშვილთან კითხვები აქვს. მას აინტერესებს, "თუკი ლევან მურუსიძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლია, მაშინ თავად მსხვერპლის (მურუსიძის) მსხვერპლია?
ექსპერტი გია ხუხაშვილი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს.
ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანი საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობს. ივანიშვილს ნეგატივის მიღება არ სურს ეს გამოჩნდა ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეს, დაესახელებინა ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლების ერთი შეცდომა, მაგრამ ყოფილმა პრემიერმა ეს არ გააკეთა. რაც შეეხება თქვენს კითხვას არჩევნებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" შემქმნელს ძალიან გადაჭარბებული მოლოდინები აქვს მისი გუნდის შესაძლებლობებზე. ,,ქართულ ოცნებას" ბევრი პრობლემა დაუგროვდა"- აღნიშნა ხუხაშვილმა.
ექსპრემიერის განცხადებები შეაფასეს პოლიტიკოსებმაც.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაახლოებით 95-ადგილს დაიკავებს, რეალობასთან ახლოს არაა.
„მან ბევრჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ ახსენა, ბევრჯერ მისი პარტია - „ქართული ოცნება“. ის სხვა პარტიების ხსენებას გაურბის. ჩემი შეფასებით „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია, „ქართული ოცნება“ აწმყო და შანსი უნდა გვქონდეს უკეთესი მომავალის. ქართული პოლიტიკური რეალობა არ არის ორპოლუსიანი - ახლა 2012 წელი არ არის, 2016 წელია და პარლამენტში საკუთარი პოზიციების დასამკვიდრებლად ხუთი-შვიდი პოლიტიკური პარტია იბრძოლებს. მაღალი ალბათობით ისინი მანდატს მიიღებენ. თუკი „ნაციონალურ-მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ერთმანეთის მტრის ხატად წარმოჩენა სურს, ეს არის წარსული - ქართული პოლიტიკა დღეს არის გაცილებით წინ და გაცილებით მრავალფეროვანი, ვიდრე ეს იყო ადრე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ყურადღებას არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ და აცხადებენ, რომ „ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობა ყველა წვრილმან საკითხზე მისგან იღებს დავალებას“.
“ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილი აპირისპირებს საზოგადოებას. ის საერთოდ არ საუბრობს ეკონომიკურ პრობლემებზე, იმ პრობლემებზე, რაც არის შედეგი მისი არაფორმალური მმართველობის. მან დაადასტურა, რომ მთავრობა ყველა წვრილმან საკითხზე მისგან იღებს დავალებას. ის არის პასუხისმგებელი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე - უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებზე სასამართლოში“ - განაცხადა თემის კომენტირებისას მიხეილ მაჭავარიანმა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის კულისებიდან მართვაზე საუბრობს არასაპარლამენტო ოპოზიციაც.
“ბიძინა ივანიშვილი ყოველ წუთს ამტკიცებს, რომ ისევ ოფიციალური მართველი არის ქვეყნის. დროა, ჩაალაგოს ჩემოდანი იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ მთელი პოზიტიური დამოკიდებულება გაფლანგა, 30%-ს თუ აიღებს, ძალიან გამიკვირდება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა გიორგი ახვლედიანმა.
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ინტერესდება, სად იყო "ავადსახსენებელ 9 წლიანი რეჟიმის დროს და ხომ არ იყო ის მისი დიდძალი კაპიტალით ნაციონალური მოძრაობის გვერდით".
,,ამ წერილიდან და ინტერვიუდანაც იყო რაღაც-რაღაცეები რაც საყურადღებო და მისაღები იყო ჩემთვის, იყო ისეთი გამონათქვამებიც რომელიც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, მაგალითად მთავრობაში ვიღაცის ხათრით ყოფნა. თუმცა არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაშიც ყოფილ პრემიერს ვეთანხმები, საუბარია შეფასებაზე რომელიც კეთდება განვლილ 9 წელზე, ივანიშვილის შეფასებების 99 % -ს ვეთანხმები უბრალოდ მაინტერესებს თვითონ სად იყო ამ 9 წლის განმავლობაში? თვითონაც ხომ არ მიუძღვის წვლილი იმ იმ უბედურებებში რაც ხდებოდა. იმ შავი ლაქის თანამონაწილე ხომ არ იყო ბატონი ბიძინა თავისი დიდძალი ფულით?"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" მამუკა კაციტაძემ.
"ნიუპოსტმა" ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასება ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერს , ბაჩუკი ქარდავასაც სთხოვა.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩვენთან საუბარი ივანიშვილის მიერ რუსთავი 2 - ის მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასებით დაიწყო.
როგორც ედპ-ს ლიდერმა აღნიშნა, რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ყოფილი პრემიერი მართავს.
"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ბიძინა ივანიშვილი მართავს. მისი განცხადება, რომ არჩევნებამდე რუსთავი 2 - ის მენეჯმენტს შეინარჩუნებს არანაირი გარანტი არ არის. ნათლად გამოჩნდა, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრის დევნა დაიგეგმა რეალურ მმართველისგან, რომელიც დღეს პროცესებს მართავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. განზრახული აქვს, რომ სწორედ მის აზრზე იქნება დამოკიდებული რა პოზიციები შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ მედიასაშუალებას"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, "პოლიტიკოსი ივანიშვილის განცხადებები ერთ საარჩევნო ციკლზე არ არის გათვლილი".
"ეს ადამიანი გარკვევით გვეუბნება, რომ 2030 წლამდე უნდა დავრჩე ხელისუფლებაში და სწორედ ამის შემდეგ იქნება შედეგი. ანუ გამოდის, რომ ამომრჩეველი, ვინც მის გუნდს მისცემს ხმას ამისთვის თავიდანვე უნდა იყოს განწყობილი. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის არის მეტრი, მხოლოდ მან იცის როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, თუმცა მას ავიწყდება ის დაპირებები, რომლის წყალობითაც მოვიდა ხელისუფლებაში და საკმაოდ ხისტი ხელისუფლება დაამარცხა, თუმცა ამ დაპირების გარდა მას სხვა დაპირებები არ შეუსრულებია, რომელიც 2012 წელს უხვად გასცა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის. დემოკრატიული თვალსაზრისითაც რა უბედურებაშიც ვიყავით, იგივე ვითარებაშია, თავისუფალი მედია არ გვყავდა და დღესაც რიგი მედიასაშუალებები იმართება ხელისუფლების მხრიდან, ხოლო იმ ერთი ტელევიზია, რომელიც მის მიმართ ყველაზე კრიტიკული აღმოჩნდა მისი დახურვა სურს"- განმარტა ედპ-ს ლიდერმა.
ქარდავამ ბიძინა ივანიშვილის ის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც თუ მისი ანალიზი საზოგადოებამ ვერ გაიგო და საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ნახევარზე ნაკლები იქნება ის მოსახლეობას და მედიას დაემშვიდობება.
"ამ განცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ორი გზა დარჩა: ან გააყალბოს არჩევნები ან დღესვე დაგვემშვიდობოს, სხვა შემთხვევაში ივანიშვილს და მის გუნდს მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება. დაითვალეთ, მარტივად დააჯამეთ იმ 5-6 ოპოზიციური პარტიის რაოდენობა, რომლებიც დიდი ალბათობით გადალახავენ ბარიერს, გამოდის რომ მმართველი კოალიცია პარლამენტში უმრავლესობას კარგავს. თუმცა ივანიშვილს რჩება ბონუსად მაჟორიტარები, რომელიც არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს"- დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.
მოუწევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს პირობის შესრულება - დაემშვიდობოს საზოგადოებას არჩევნების შემდეგ, ეს 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე გამოჩნდება. თუმცა უკანასკნელი საერთაშორისო კვლევის შედეგები ექსპრემიერის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს. ამომრჩეველი კი 4 წლის წინ გაცემული დაპირებების შესრულებას ითხოვს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






