ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც ფალუჯას გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობენ, მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში დაახლოებით 400 ცხედარია ნაპოვნი. გარდაცვლილთა უმეტესობას “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მიერ მოკლული სამხედროები წარმოადგენენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ერაყის შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაში.
სამარხში აღმოჩენილია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
ქალაქი ფალუჯა ბაღდადიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ISIS მას 2014 წლიდან აკონტროლებს. ერთი კვირის წინ ერაყის არმიამ ქალაქის გასათავისუფლებლად ოპერაციის დაწყება დააანონსა და მოსახლეობა გააფრთხილა, თუმცა ყველამ ქალაქის დატოვება ვერ მოახერხა.
დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში დაახლოებით 50 ათასი მშვიდობიანი მოსახლე იმყოფება, რომლებსაც ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ და შიმშილით იტანჯებიან.
ფალუჯას გასათავისუფლებლად ოპერაცია ერაყის არმიამ ორი კვირის წინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






