ყაზახეთის ქალაქ აქტობეში კიდევ ხუთი თავდამსხმელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოკლულთა ვინაობა დადგენილია, თუმცა მათი სახელები არ გასაჯაროებულა. ასევე დაკავებულია ორი ადამიანი. ჩხრეკისას ეჭვმიტანილებს მოპარული იარაღი აღმოაჩნდათ.
ამგვარად, მოკლულია სულ ცხრა თავდამსხმელი, ცხრა ადამიანი კი დაკავებულია.
ყაზახეთის ქალაქ აქტობეში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღამით და დილით ქალაქში სროლის ხმა ისმოდა.
ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდენარეობის შესახებ საგანგებო სამსახურები მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით აფრთხილებენ და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
გუშინ ქალაქ აქტობეში 3 შეირაღებული თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც უცნობი პირები იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ.
სპეცოპერაციისას ძალოვნებმა 4 დამნაშავე მოკლეს, კიდევ 7 დაკავებულია.
აქტობეში შეზღუდულია ინტერნეტის მუშაობა და მობილური კავშირი. ასევე შეზღუდვით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქალაქის თავზე ვერტმფრენი დაფრინავს.
მასალის გამოყენების პირობები






