რაც შეეხება სიგელს, ის 1189 წლისაა და სოფელ ჭორვილის შემოწირულობის საბუთი გახლავთ. შესრულებულია ტყავზე მხედრული დამწერლობით, გაცემულია თამარ მეფის მიერ გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. დამტკიცებულია მისივე ხელრთვით. ამ სიგელით თამარ მეფემ გელათის მონასტერში სარჩოს გარეშე მყოფ 12 ბერს მუდმივი შემოსავალი - სოფელ ჭორვილის გამოსაღების ნაწილი - უბოძა.
საბუთის ტექსტის მიხედვით, გელათის თორმეტი მწირისთვის მეფეს გაუჩენია მუდმივი საზრდო - “არგუეთში ჭორვილაი”... საბუთს ამტკიცებს რამდენიმე პირი: მეფე დავით სოსლანი, ადგილობრივი ხელისუფალი დავით ერისთავი, ქართლის კათოლიკოსი თევდორე და სხვ. თუმცა ყველა დამტკიცება დაზიანების გამო მოღწეული არ არის. ამ დამტკიცებებს წინ უძღვის წმინდა თამარ მეფის ვრცელი კალიგრაფიული მხედრულით დაწერილი ხელრთვა: ქ. ესე, ჩემდა სადიდებ[ელად ჩემგა]ნ სასოებით და გულსმოდგინებით ჩემისა საქმისა განაჩენი, ჩემითა ხელითა ცოდვი[ლითა დამიმტკ]იცებია. ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან ბრძანება [და სიგელი ესე ჩუენი] მტკიცე შეცვალოს, შენ ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ძისა შენისა [და] სულისა წმიდისა მგმობართა თანა დასაჯე იგი და ჩემთა ცოდვათა და ბრალთა მზღვევია იგი დღესა განკითხვისასა და სიტყუაი იგი მას ზედამცა აღესრულების: “სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა”.
როგორც ჩანს, თამარს გელათის სამონასტრო კომპლექსი მოულოცავს და იქ 12 ბერს შეხვედრია, რომლებიც უკიდურეს გასაჭირში ცხოვრობდნენ. ამას მეფე აღუშფოთებია. იმ დროს ჭორვილა წელგამართული სოფელი ყოფილა, სადაც საკმაოდ კარგი გადასახადი იკრიბებოდა. ამ მოსაკრებლის ნაწილი თამარ მეფემ 12 ბერს უბოძა და მუდმივი სარჩო გაუჩინა.
მასალა მომზადებულია ჟურნალ ”ისტორიანის” და ,,კარიბჭეს“ მიხედვით.


მასალის გამოყენების პირობები






