დღეს გიორგი კვრიკაშვილმა თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა, თუმცა იქვე თქვა, რომ სანიკიძე გუნდში რჩება.
რაც შეეხება 43 წლის ალექსანდრე ჯეჯელავას ეს უკანასკნელი მოქმედი პრემიერის მეგობარია, სწორედ ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი ირგვლივ თავის გუნდს იკრებს.
ვინ არის განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი?
ჯეჯელავა "მართვის აკადემიის" თავმჯდომარე და ლიდერ-ტრენერი გახლავთ. არის მათემატიკურ მეცნიერებეთა მაგისტრი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და პროექტების მენეჯერი. პროექტების მენეჯმენტში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
მის ანგარიშზეა 10-წლიანი გამოცდილება აკადემიურ სწავლებასა და პროფესიონალურ ტრენინგებში.
ამ ეტაპზე ექსპერტებს უჭირთ ალექსანდრე ჯეჯელავას შანსებზე საუბარი, რადგან საქესპერტო წრეებში ამ უკანასკნელს არ იცნობენ.
და მაინც, რას შეეწირა თამარ სანიკიძე?
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტ სალომე ასათიანისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი ძალიან გააღიზიან იმ ფაქტმა, რომ სალომე ასათიანი განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნატა ასათიანის დაა. გათავისუფლების ეს მოტივი თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან კომენტარში გამორიცხა.
არსებობს ვარაუდი, რომ სანიკიძის გათავისუფლებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ითამაშა თავისი როლი. როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, საკითხი ეხება ბათუმში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" პედაგოგებისთვის ჩატარებულ ტრენინგს, სადაც პედაგოგები მიხეილ სააკაშვილს "სკაიპით" გაესაუბრნენ.
"აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,, 2016 წლის 28 მაისს, ქალაქ ბათუმში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" მარიამ რამინაშილმა გამართა ტრეინინგი, რომლის თემა იყო მასწავლებელთა პროფესიული გამოცდებისთვის მომზადება.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ასმათ დიასამიძე წინასწარ დაუკავშირდა სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს და პირადად მოიწვია ტრენინგზე, რომელიც გაშუქდა მედიის მიერ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ინტერვიუებში აფიქსირებენ, რომ „აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება“.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მედიამ დატოვა საკონფერენციო დარბაზი, მონაწილეების განმარტებით, მათ "სკაიპით" ჩაერთო ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გააცნო პედაგოგებს "ნაციონალური მოძრაობის" ხედვები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებისათვის და მოუწოდა მათ 2016 წლის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ "ნაციონალურ მოძრაობას".
მეორე ვერსიით სანიკიძე უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გადაჰყვა. "აუდიტორია 115"-ის წევრები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ მინისტობის დროს თამარ სანიკიძეს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის არაფერი გაუკეთებია და მისი ჩართულობა მხოლოდ სტუდენტთა მიღებით შემოიფარგლებოდა.
"აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი წევრს არც განათლების ახალი მინისტრი მოსწონს.
ლევან ლორთქიფანიძის თქმით, განათლების სისტემა უმძიმეს კრიზისშია. განსაკუთრებით და ყველაზე მეტად კი უჭირს სკოლსა და უნივერსიტეტს.
“ამ დროს კი პრემიერი პროფგანათლებასა და კადრების გადამზადებაზე ამახვილებს ყურადღებას და ახალ მინისტრად კომერციული ტრეინინგების ოსტატს გვთავაზობს.
ტრეინიგ-კურსების ხელმძღვანელი დააწინაურებს მეცნიერებასა და უმაღლეს განათლებას საქართველოში ?!
"თამადა, როგორც ლიდერი", "ბიზნესი და სიყვარული", "მიირთვით გომბეშო" - აი, რა სჭირდებოდა სკოლებსა და უნივერსიტეტებს!
ძალიან სამწუხაროა და დამთრგუნველი! ექიმბაში რომ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნონ, მოგეწონებათ ???
იმედია, ქართული ოცნების ახალი კაბინეტი არჩევნების შემდეგ სხვანაირი იქნება!", აღნიშნავს სტუდენტი.
"აუდიტორია 115"-ის კიდევ ერთი წევრი ნათია ქარჩელაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პრობლემები სანიკიძემ ვერ მოაგვარა და ამ საქმეს გადაჰყვა.
„რამდენად დროული იყო ქალბატონი თამარის გათავისუფლება ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ მან ჩვენი მოთხოვნა, განათლების ძირეული რეფორმა ვერ განახორციელა. ჩიხში ვიყავით შესულები, გვხვდებოდა, გვისმენდა თუმცა არაფერს აკეთებდა პრობლემის მოსაგვარებლად“- აღნიშნა სტუდენტმა.
სანიკიძეს სუსტი მინისტი უწოდა „ნიუპოსტთან“ გია ხუხაშვილმა. მეტიც, ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ხედავს.
ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ გათავისუფლებულ სანიკიძეს "ქართული ოცნების" საარჩევნო „ სავარაუდოა, რომ სანიკიძე ვიხილოთ საარჩევნო სიაში, საპენსიო ადგილზე, დავუშვათ, 30-ე ან 35-ე ადგილზე"- აღნიშნა მან.
რაც შეეხება მინისტრის მოხსნის მიზეზს, როგორც ხუხაშვილმა განმარტა, განათლების სისტემაში ბევრი დაძაბულობის კერა არსებობს.
ექსპერტი სოსო ცინცაძე განათლების მინისტრის გათავისუფლებას დაგვიანებულს უწოდებს. როგორც მან "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას განუცხადა, თამარ სანიკიძემ დაღუპა მეცნიერება.
"ეგ ქალი ადრე იყო გასაშვები, პრემიერმა დააგვიანა. პრინციპში არასდროს არ უნდა დაეკავებინა ქალბატონ სანიკიძეს ეს პოსტი. მისი მმართველობა იყო საშინელება, რაც ლომაიამ დაიწყო, მეცნიერების ნგრევა, ამან წარმატებით გააგრძელა"- აღნიშნა ცინცაძემ.
ექსპერტისთვის განათლების ახალი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გამოცდილება უცნობია. ცინცაძე თვლის, რომ ამ სამინისტროს მეცნიერმა უნდა უხელმძღვანელოს.
"ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც არ არის სამეცნიერო ინსტიტუტები გამართული, არ შეიძლება, პროფესიით ეკონომისტი დანიშნო განათლების მინისტრად. მისი დანიშვნა დიდი უბედურება არ იქნება, რადგან მისი სამსახური დროებითია - ოქტომბრამდეა. მერე ახალი მთავრობა დაკომპლექტდდება"- თქვა ექსპერტმა ჩვენთან საუბრისას.
„ნიუპოსტმა“ დღეს განხორციელებული ცვლილების შეფასება განათლების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს სთხოვა.
შაშკინი მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პრობლემები რომლებიც განათლების სისტემაში შეიქმნა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მოგვარებადია მხოლოდ მთავრობის სრული ცვლილებით:
„ჩემი აზრით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დატოვებს მინისტრის პოსტს და ვინ დაინიშნება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, არაფორმალურად, აქედან გამომდინარე ვინ იქნება ახალი და ვინ წავა მნიშვნელობა არ აქვს მანამდე, სანამ არ შეიცვლება ხედვა მთავრობის ანუ არ შეიცვლება მთავრობა, ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს.
ფაქტია ის, რომ 4 წლის განმავლობაში არანაირი ხედვა განათლების რეფორმის მიმართ არ გააჩნდათ. გაჩერებული იყო ყველა რეფორმა სანიკიძის მიერ, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, განადგურებული იყო ყველა ის მიღწევა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, მე შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო. მაგალითად ამერიკული უნივერსიტეტი, განადგურებული პროგრამა. მაგალითად ამერიკელი მასწავლებლების ჩამოყვანა, განადგურებული პროგრამა. განადგურებული და გაფუჭებული მანდატურების სამსახურის სისტემა, მასწავლებლების სერთიფიცირების პროგრამის სრული კრახი, როდესაც პედაგოგების გადამზადების ცენტრი, იმის ნაცვლად, რომ ეხმარებოდეს მასწავლებლებს, დადის მოგზაურობებში პარიზსა და ლონდონში და სვავს ყავას თბილისში. ამ ყავამდე და მოგზაურობებამდე არის დაყვანილი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა. განადგურებული პროფგანათლება, უსერიოზულესი პრობლემები უმაღლეს განათლებაში, მაგალითისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს ამ რეფორმის არც ხედვა არ აქვს და არც სურვილი, რომ გაატარონ განათლების რეფორმა.
გლობალიზაციის პროცესში, როდესაც ჩვენი ბავშვები კონკურენტები არიან არა ერთმანეთის, არამედ სხვა ქვეყნების, ამ პირობებში ჩვენი განათლება საერთოდ არ პასუხობს ამ ახალ გამოწვევებს, სანამ ხედვა და მთავრობა არ შეიცვლება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეასრულებს მოვალეობას.
სანიკიძემ გარდა განადგურებული რეფორმებისა, დატოვა კორუფციული სქემები, საინტერესო იქნება რამდენად შეძლებს ახალი მინისტრი ამ კორუფციული სქემების გაჩერებას“, - განაცხადა შაშკინმა.
რა ქონებით ტოვებს პოსტს სანიკიძე?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს ბოლო დეკლარაცია, მიმდინარე წლის 6 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად, მინისტრი უძრავი ქონების სახით, ბათუმში 88 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს.
მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW X5. მის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომობილი Nissan Patrol და Toyota Landcruiser.
რაც შეეხება სანიკიძის საბანკო ანგარიშებს, მას გასულ წელს "თი–ბი–სი ბანკი" სადებეტო ანგარიშზე 10 470.00 დოლარი ერიცხება, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი 7 600.00 ლარი.
ამავე ბანკში აქვს მინისტრს 7 600.00 ლარის ოდენობის სესხიც (გასავლი 48.64 ლარი).
გასავლის გრაფაში თამარ სანიკიძეს 2 000 ლარი აქვს მითითებული, რომელიც რესტორნის ხარჯს წარმოადგენს.
2015 წელს მინისტრს სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შემოსავალის სახით მიღებული აქვს 81 250.00 ლარი იყო.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






