სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ISIS-ის ტერორისტებმა 2015 წლის განმავლობაში ტერაქტი 92 ქვეყანაში მოაწყვეს, მათგან ყველაზე ხშირად - ავღანეთში, ერაყში, პაკისტანში, ინდოეთსა და ნიგერიაში.
ანგარიშში, ცალკე თავი ეხება საქართველოსაც. საქართველოს ნაწილში საუბარია, რომ საქართველო არის ISIS-ს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი და ის წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ანტიტერორისტულ საქმიანობაში. ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დანაყოფები კარგად შეიარაღებულები და გაწვრთნილები არიან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. თუმცა ის ფაქტი, რომ თბილისი ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს, ამცირებს ქვეყნის უნარს, უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხაზის უსაფრთხოება მის სეპარატისტულ რეგიონებში.
მასალის გამოყენების პირობები






