წმიდა მოციქულთასწორი ნინო საქართველოში 323 წელს შემოვიდა. ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.
ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება.
წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.
წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.
მასალის გამოყენების პირობები