ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი და კინომსახიობი ბობ დილანი 1941 წლის 24 მაისს მინესოტის შტატში დაიბადა. 60-იანი წლებიდან მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკული მუსიკის განვითარებაში. ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვით, იგი The Beatles-ის შემდეგ, მუსიკის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე ადგელზეა. გარდა ამისა, დილანი გრემის 9 ჯილდოს მფლობელია.
დაახლოებით 10 წლის რობერტმა დაიწყო ლექსების წერა და ამავე დროს გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა. მასზე გავლენა მოახდინა ელვის პრესლიმ, ჯერი ლი ლუისმა და ადრეული როკენროლის სხვა ვარსკვლავებმა, რის შედეგადაც, რობერტმა დაიწყო თავისი პირველი სამოყვარულო ჯგუფების შექმნა. მისი სკოლის 1959 წლის წიგნში, გრაფაში “თქვენი მიზანი” რობერტმა ჩაწერა "ლიტლ რიჩარდთან ერთად დაკვრა“.
1961 წლის ბოლოსთვის დილანის სახელი თანდათან სცდება ფოლკ-შემსრულებელთა ვიწრო წრის ფარგლებს. კრიტიკოსმა რობერტ შელტონმა, რომელიც დაესწრო ერთ-ერთ საღამოს და მოისმინა ბობის გამოსვლა, ნიუ-იორქ თაიმსში დაბეჭდა სტატია, სადაც წერს, რომ იგი “მოხიბლულია ბობის ნიჭით”. ერთი თვის შემდეგ Columbia Records-ი დილანთან აფორმებს კონტრაქტს და ბობი იწყებს თავისი პირველი ალბომის მზადებას. მისი პირველი ალბომი 1962 წელს გამოვიდა.
1963 წელს გამოშვებულ მეორე ალბომში, The Freewheelin Bob Dylan-ში იყო მინიმუმ 2 სიმღერა, რომელმაც მყარად დაიკავა ადგილი 60-იანი წლების ბევრი ფოლკ-შემსრულებლის რეპერტუარში (მაგ.: Blowin' In The Wind და A Hard Rain's A-Gonna Fall).
1965 წელს დილანი მუშაობს სტუდიაში ჯგუფთან, რომელიც შედგება 9 მუსიკოსისგან. ამ მუშაობის შედეგად ჩნდება “Bringing It All Back Home”, რომელიც შედგება მკვეთრი და გულახდილი სიმღერებისგან. ასევე ალბომი “Blood On The Tracks”.
მას შემდეგ, რაც დილანმა მიიღო ქრისტიანობა, მან გამოუშვა ალბომი “Slow Train Coming”, რომელიც კრიტიკოსებისთვის მოულოდნელად კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. შემდგ იყო ძალიან წარმატებული “Oh Mercy”.
“Time Out Of Mind” კი დილანისთვის ბოლო ათწლეულის პირველი ოქროს ალბომი აღმოჩნდა.
2000 წლის სექტემბერში რომის პაპის, იოანე პავლე II-ის თხოვნით, ბობმა კონცერტი გამართა რომში. დეკემბერში კი დილანი გახდა ერთ-ერთი იმ 5 ადამიანიდან, რომელთაც წილად ხვდათ ყველაზე გამორჩეული ჯილდო კენედის ცენტრის ჯილდო, რომელსაც ამერიკაში ანიჭებენ საუკეთესო საშემსრულებლო საქმიანობისთვის.
2016 წლის ოქტომბერში კი ნობელის პრემია მოიპოვა ლიტერატურის დარგში. ნობელის კომიტეტის წევრების შეფასებით "დილანმა ამერიკული სიმღერის ტრადიციებთან ერთად, პოეზიის ახალი სახე შექმნა"
მასალის გამოყენების პირობები






