გიორგი ანწუხელიძისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების მოთხოვნით რამდენიმე გვერდი "ფეისბუქში", უკვე ორი წელია, არსებობს და მათ უამრავი მომწონებელი ჰყავს.
"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ ჩვენს გმირს 2008 წელს რუსეთის აგრესიას შეწირულ ჩვენს უმცროს სერჟანტს. 2008 წელს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ყველაზე დიდმა არმიამ და ყველაზე ძლიერმა, რომელიც როდესმე შემოსულა საქართველოში. 2008 წელს საქართველოს დაარტყეს რამდენიმე მიმართულებიდან, დაარტყეს უკლებლივ ყველა გეოგრაფიულ პუნქტში,მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი დარტყმა მოვიდა ცხინვალზე.
ეს შეიარაღებული შემოჭრა განახორციელეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ დაქირავებული ადამიანების მეშვეობით, შიდა
პოლიტიკაში ხელის ფათურით რათა სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკებში ეკონტროპლებინათ სიტუაცია. საქართველომ ამის საშუალება არ მისცა და ერთადერთი შანსი, რომელიც დარჩათ რუსებს, იყო ის, რომ პირდაპირ შემოსულიუყვნენ მთელი შეიარაღებული ძალებით და პირდაპირ განეხორციელებინათ აგრესია და პირდაპირ ეწარმოებინათ ომი. რა თმქმა უნდა ამ ომის მიზანი არ ყოფილა მარტო ცხინვალი და მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორია.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი სარკოზი, ყველა ვინც მონაწილეობდა მაშინდელ მოლაპარაკებებში რუსეთთან, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ყველა ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო თბილისისი აღება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება, საქართველოს მთავრობის განადგურება და მისი სახელმწიფოებრიობისთვის წერტილის დასმა. ჩვენი ქვეყანა სწორედ ასეთი ბიჭების გმირობამ იხსნა", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
"ის რომ მათ ეს ვერ მოახერხეს, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამაში საქართველოს შეიარღებულმა ძალებმა , ქართველი ერის და მთავრობის ერთიანობამ და უზარმაზარმა საერთაშორისო მხარდაჭერამ. მაგრამ მიუხედავად ამისა, დარტყმის დრო იყო ზუსტად შერჩეული და ეს იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ყველა იყო წასული მშვებულებაში, ტარდებოდა ოლიმპიადა და გამგზავრებული იყო ყველა თავის დედაქალაქიდან.
პრაქტიკულად რომ არა შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა, ამ ბრძოლისა და დარტყმის პირობებში ყველაფერი შეიძლებოდა, რამდენიმე საათში დასრულებულიყო და თბილისისკენ გზა გაეხსნათ, რამდენიმე ძალიან გამბედავი მანევრი განახორციელა ჩვენმა არმიამ და მე მინდა ყველას გავახსენო ის, რომ მეორე ბრიგადის სადაზვერვო ასეულის ძალიან გამბედავი მანევრის შედეგად რუსეთის სატანკო კოლონა გაჩერდა და ბევრი ჯავშანტექნიკა განადგურდა, რუსი გენერალი, 58 არმიის მეთაური ხრულოვი, დაიჭრა და დაჭრილი წაიყვენეს უკან.
ასეთი რამ არ მომხდარა ათწლეულების განმავლობაში. საქართველოს საჰაერო ძალებმა მანამ სანამ მათ ჰქონდათ ამის საშუალებები ჩამოაგდეს რამდენიმე მათი საფრენი აპარატი და მათ შორის "სუ 124" ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, ჩვენ მოვახერხეთ გადამწყვეტ პერიოდში დროის მოგება იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაგვერჩინა, მაგრამ როდესაც ვამბობ "ჩვენ", ვგულისხმობ, რომ ეს მოახერხეს კონკრეტულად ქართველმა გმირებმა და ზუსტად ასეთი გმირი იყო გიორგი ანწუხელიძე.
ყველამ ვნახეთ ეს კადრები და მთელი მსოფლიო მოიარა, როგორ აიძულებენ გიორგის რუსები და ადგილობრივი მათი დაქირავებულები, რომ ეკოცნა მიწისთვის, ქედი მოეხარა მათთვის და თავი დაეხარა, ეთქმევინებინათ რაღაცა, და როგორც ჩვენი ისტორიული ეპოსის გმირები, როგორც პირდაპირ ნაწარმოებიდან გაცოცხლებული საქართველოს წარსულის ჩვენი დიადი ბრძოლის პერსონაჟები, ზუსტად ისე მოიქცა ეს თუში ბიჭი, სხვა რა არის გმირობა თუ არა ის, რაც მან გააკეთა? სხვა რა არის ის, რომ ამხელა არმიას, თავზეხელაღებულს, წინააღმდეგობას გაუწევ და თავს არ დახრი მაშინ, როცა მხოლოდ ერთ რამეს გეუბნებიან, რომ თუ გინდა ცოცხალი დარჩე, ბოლომდე მოიხარე ქედი, ბოლომდე დაიმცირე თავი", - აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოსური ბანდფორმირებების წარმომადგენლებმა შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. ინტერნეტპორტალებზე არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც სწორედ მათ გადაიღო, ვინც გიორგი ანწუხელიძეს აწამებდა. 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდნილმა ჯარისკაცმა ოსური ბანდფორმირებებისა და რუსი ოკუპანტების მხრიდან სასტიკი წამების მიუხედავად, არც დაიჩოქა, არც საქართველოს დროშას დააბიჯა ფეხი და არც მიწას აკოცა, რასაც ასე დაჟინებით ითხოვდნენ მისგან. მისი წამების დროს, როცა ვერ გატეხეს, რამდენიმე გაოცდა კიდეც.
"რა მაგარი ვინმეა, უყურებ?", – ისმის ვიდეოში, რომელიც ერთ–ერთმა ჯალათმა გადაიღო.
გიორგი ანწუხელიძე დახვრიტეს. როცა გიორგის ცხედარი, ბოლოს და ბოლოს, იპოვეს, მას არცერთი კბილი არ ჰქონდა შერჩენილი... სახეში ურტყამდნენ, ეკითხებოდნენ, გუშინ რა ადგილას იყავით პოზიციებზეო, თავზე ფეხს ადგამდნენ და ზურგსუკან ხელებშეკრული ჯარისკაცის ქედის მოდრეკას ცდილობდნენ, რათა მას მიწისთვის ეკოცნა, მაგრამ გიორგი, როგორც კი ჩექმას კისრიდან მოაცილებდნენ, თავს მაღლა სწევდა და მხოლოდ სისხლს აფურთხებდა. ყველა კითხვაზე ერთსა და იმავეს ლუღლუღებდა: "აზრზე არ ვარ..."
გიორგი ანწუხელიძე ალვანელი თუში იყო და ომამდე და ჯარისკაცობამდე ისევე ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი, მთის მოყვარული და მთის შვილი ბიჭები ცხოვრობენ. მერე იყო ჯარისკაცობა, ერაყი და 2008 წლის აგვისტო. იგი 41–ე ბატალიონის ჯარისკაცი გახლდათ...
9 აგვისტოს გაუჩინარებული გიორგის ასავალ–დასავალი არავინ იცოდა. 5 თვის განმავლობაში არ ჩანდა. 5 თვის განმავლობაში, მისი ოჯახის წევრებს მისი გამოჩენის იმედი არ დაუკარგავთ. მერე კი საზარელი ამბავი შეიტყვეს. მაგრამ მთავარი გამოცდა წინ ელოდათ. ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ინტერნეტით გავრცელდა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები. დაუდგენელია, ვინ ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯალათებმა, მათდაუნებურად, დიდი სამსახური გაუწიეს გიორგის გმირობის პოპულარიზაციას: მისი გმირობის შესახებ უკვე არამარტო საქართველოში იციან. გიორგის მეუღლემ, მაკამ ამ საზარელი კადრების მხოლოდ დასაწყისი ნახა... დღემდე ვერ სძლია თავს, რომ დანარჩენს უყუროს...
სხვათა შორის, 2009 წელს შსს–ს თანამშრომლებმა ოსი ბოევიკი, ცხინვალის მილიციის ერთ–ერთი შეფი, სოსლან პუხაევი დააკავეს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი კადრებში არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმა, როგორ აგინებს ქართველ ჯარისკაცს და ეუბნება: "მიწას იკოცე!". ალბათ, ქართველი ჯარისკაცის წამების დროს პუხაევი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მას მოუწევდა ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა.
ლაშა ბერულავა
მასალის გამოყენების პირობები






