როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, ობამა, ჰიროსიმაში იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ერთად ჩავა, შემდეგ კი ვიეტნამში გაემგზავრება.
“პრეზიდენტი ჰიროსიმაში ისტორიული ვიზიტით, პრემიერ-მინისტრ აბესთან ერთად ჩავა, რათა მხარდაჭერა გამოხატოს ბირთვული იარაღის გარეშე მშვიდი და უსაფრთხო მსოფლიოს იდეისადმი " - განაცხადა ერნესტმა.
აპრილში ჰიროსიმაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა. კერიმ ბირთვული აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო და სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა. კერი პირველი სახელმწიფო მდივანი გახდა, რომელიც ჰიროსიმაში ჩავიდა. მისი თქმით, ის ამაყობს ამით.
აპრილშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიროსიმას პრეზიდენტი ობამა ეწვეოდა, თუმცა ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. ბარაკ ობამა, აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც 1945 წლის მოვლენების შემდეგ ჰიროსიმას ეწვევა. 1984 წელს ჰიროსიმაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი იმყოფებოდა, თუმცა ვიზიტის დროს კარტერი პრეზიდენტის თანამდებობას უკვე აღარ იკავებდა.
1945 წლის 6 აგვისტოს შშ-ის ძალებმა ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, მეორე ბომბი სამი დღის შემდეგ ნაგასაკიში. ჰიროსიმას დაბომბვა ისტორიაში ბირთვული იარაღის საბრძოლო მიზნებისათვის გამოყენების პირველი შემთხვევა გახდა. ბირთვულ აფეთქებას 130 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 100 ათასზე მეტი ადამიანი კი მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






