ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, თანამომხსენებლები მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მზადყოფნას, ვენეციის კომისიას გაუგზავნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი, ამ ცვლილებების მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტში განხილვამდე.
“ამან უნდა გააქარწყლოს ყველა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებების დამტკიცებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას. უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის, მნიშვნელოვანი როლი . შეფასებისათვის უახლოეს დღეებში მიმართვის შემთხვევაში, ვენეციის კომისია შეძლებს საკითხის ივნისის პლენარულ სესიაზე განხილვას, რაც მისცემს საშუალებას პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცვლილებების საბოლოო მოსმენით დამტკიცებისას მიმდინარე საპარლამენტო სესიის დასრულებამდე" - ნათქვამია განცხადებაში.
ბორის ცილევიჩსმა და კერსტინ ლუნდგერნმა სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლო.
თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს წინასაარჩევნო გარემოს სტაბილურობისა და ამომრჩევლების ნდობის მოპოვების მნიშვნელობას. ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალასა და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებადა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობაზე.
„2012 წლის არჩევნებით, საქართველო სამაგალითოა რეგიონში. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს“ - ნათქვამია დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები






