სტუდიაში შესულ ყოფილ შს მინისტრსა და ყოფილ პრემიერმინისტრს გადაცემის ბენდი ინტერპრეტირებული "პოლიციის ჰიმნით" შეეგება: "უკვე ჩემი აღარ არის პოლიცია, ძველებურად ვეღარა ვარ ფორმაში...", რასაც ვანო მერაბიშვილმა ტაშით უპასუხა.
ვანო მერაბიშვილისა და გადაცემის წამყვანის დიალოგს თან სდევდა ოვაციები სტუდიაში დამსწრე მაყურებლის მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილი "ნაციონალურ ოცნებაზე" და "ქართულ ოცნებაზე" ხუმრობდა.
"ბატონო ვანო, მართალია თუ არა, რომ თქვენ 19 აპრილის მიტინგზე მიმსვლელებს 1.500 ლარს აძლევთ?" - ოთარ ტატიშვილის ამ კითხვას ვანო მერაბიშვილის პასუხი მოჰყვა: "რა თქმა უნდა", რამაც სიცილი გამოიწვია. არანაკლები მხიარულება მოჰყვა გადაცემის წამყვანის მიერ თემის განვრცობას: "ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი, რომელიც დაგვპირდა 2.000 ლარს იმ შემთხვევაში, თუ არ წავიდოდით და თუ თქვენ ბეს დაგვიტოვებთ, მე და ბენდი მოვალთ". "მოდი, ასე ვქნათ: თქვენ ის 2.000 ლარი აიღეთ", - უპასუხა მერაბიშვილმა და ტატიშვილს "იმედთან" დაკავშირებითაც გაეხუმრა: "როცა იმ ფულს აიღებთ, მერე ნიღბებით მოდით მიტინგზე, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ერთხელ უკვე ვიყავით ნიღბებით ამ სტუდიაში..."
როცა ოთარ ტატიშვილმა, ტრადიციისამებრ, ვანო მერაბიშვილს მოწინააღმდეგეზე კარგის, ხოლო მის პარტიაზე ცუდის თქნა შესთავაზა, მერაბიშვილმა მიუგო:
"რთული ამოცანის წინაშე ვდგავარ: ახალ მთავრობაზე კარგის თქმა ძალიან ძნელია, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობაზე" ცუდის თქმას თქვენი გადაცემის დრო არ ეყოფა..."
საინტერესო იყო ეპიზოდიც, როცა გადაცემის წამყვანმა "ქართული ოცნების" წევრები სხეულის სხვადასხვა ორგანოებს შეადარა (ბესელია - ლოყას, ქუცნაშვილი - კეფას და ალასანია - აქილევსის ქუსლს) და ვანო მერაბიშვილს სთხოვა, ჩამოთვლა და შედარებები კორექტულად გაეგრძელებინა: "გამოუვალ მდგომარეობაში მაგდებთ" - თქვა მერაბიშვილმა.
წამყვანისა და სტუმრის დიალოგში იყო სხვა საინტერესო დეტალებიც, რაც სტუდიაში დამსწრეთა მოწონებას იმსახურებდა:
ოთარ ტატიშვილი: - ბატონო ვანო, მეღირსება ჯანდაცვის მინისტრობა?
ვანო მერაბიშვილი: - თუ ჯანდაცვა დარჩა, კი.
ოთარ ტატიშვილი: - ბატონო ვანო, არ გეშინიათ, რომ როგორც წინა მიტინგები, ესეც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდოს და მაგალითად, გიგიმ დაიძახოს: "მიშა, გადადექი!"?
ვანო მერაბიშვილი: - რომელმა გიგიმ, უგულავამ თუ წერეთელმა?
ოთარ ტატიშვილი: - ვთქვათ, ორივემ.
ვანო მერაბიშვილი: - ორივემ თუ დაიძახა, გადადგება...
ტატიშვილი: - მართლა გყავთ ჩანერგილები "ქართულ ოცნებაში"?
მერაბიშვილი: - რა თქმა უნდა.
ტატიშვილი: - როგორ უნდა გამოვიცნოთ?
მერაბიშვილი: - ვინც ყველაზე მეტად აგინებს "ნაციონალურ მოძრაობას", ეგაა ჩანერგილი, იმიტომ რომ საერთო წესია, რომ არ გაიშიფრო, რა სისულელეც ენაზე მოგადგება, უნდა ილაპარაკო...
ტატიშვილი: - აი, მეც გადმომწვდა ახალი მთავრობა და ცეკვებიდან გამომაგდეს. თქვენ არ უყრებდით ცეკვებს?
მერაბიშვილი: - ჩვენ არც ვცეკვავდით და არც ცეკვებს ვუყურებდით, ჩვენ ვაცეკვებდით...
ვანო მერაბიშვილის გამოჩენას იუმორისტულ პროგრამაში "იმედის" არხზე და განსაკუთრებით, მის ხუმრობას მიტინგზე ნიღბით მისვლასთან დაკავშირებით მაშინვე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
ცნობილმა ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა უარყოფითი დამოკიდებულება არ დამალა და თავის გვერდზე "ტელეიმედი" სტუდიაში ვანო მერაბიშვილის მოწვევისთვის გააკრიტიკა:
"ეს ჩიტი ვანო იმედში მივიდა და "ღადაობს" ჩვენ აქ ხო ერთხელ ნიღბებით მოვედითო (დარბევას გულისხმობს ეგ ჩიტი) და თქვენც 19 ში მოდით ნიღბითო".
"დაარბია, დაშალა, მკვდარ მფლობელს წაართვა... მერე გოგიჩაიშვილმა დაპატიჟა საშუალო ნიჭის ტატიშვილთან და აღრიჭინებს" - დაწერა შალვა რამიშვილმა.
"ღამის შოუს" სრული ვარიანტი - 14 აპრილი, 2013 წელი. ვანო მერაბიშვილი სტუდიაში 17:35-დან: VIDEO
მასალის გამოყენების პირობები






