აქციის ორგანიზატორია "ლაბორატორია 19018", რომელიც ცნობილია სხვადასხვა აქციების ორგანიზებით, მათ შორის ე.წ. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ დაწყებული გამოსვლებით: "სისტემა უნდა დაინგრეს".
ამჯერად "ლაბორატორია 1918" შრომის საერთაშორისო დღეს საზოგადოების წარმომადგენლებს შრომის უფლების დასაცავად დაგეგმილ მსვლელობას "ფეისბუქში" აანონსებს:
"სოციალურად დაუცველებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, მაღაროელებთან, მძღოლებთან, რკინიგზელებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, მეეზოვეებთან და სხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან ერთად 1 მაისი, შრომის საერთაშორისო დღე, ვაქციოთ ღირსეული შრომის, როგორც ფუნდამენტური უფლების და ღირებულების აღიარების დღედ!" - წერია მათ მიერ გავრცელებულ "1 მაისის მანიფესტში", რომელსაც უკვე მოჰყვა არაერთგავროვანი გამოხმაურებები და რეაქცია როგორც სტუდენტებში, ასევე საზოგადოების სხვა ფენის წარმომადგენლებშიც.
"ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ "ლაბორატორია1918"-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ "1 მაისის მანიფესტს":
"მანიფესტით, რომელსაც ხელს ვაწერთ სტუდენტები და ლექტორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, გვსურს შრომის უფლებასა და მასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელოვნებაზე ვისაუბროთ. საზოგადოებრივ–პოლიტიკური დისკუსიის სფეროში, დღეს სრულიად იგნორირებულია ადამიანის ეს ფუნდამენტური და უმთავრესი ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს ხშირად მისი მოქმედების, ცხოვრების წესისა და აზროვნების არეალს.
ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, აუცილებელია დავეფუძნოთ თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეებს, რაც შეუძლებელია სოციალური ცნობიერების არსებობის გარეშე.
შრომის უფლებისათვის ბრძოლაში ჩვენ ვგულისხმობთ ღირსეული შრომის პირობებისა და დასაქმების უფლებებისათვის ბრძოლას, რაც გარდაუვალ წინაპირობად მიგვაჩნია ნებისმიერი ტიპის პროგრესისათვის, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს სოციალური გარანტიები. საქართველოში, ღირსეული შრომის ფუნდამენტური უფლება, ისევე როგორც დასაქმების უფლება, უხეშად შელახულია. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი შეუძლებელს ხდის საზოგადოების უდიდესი ნაწილის განვითარებას, ხელს უშლის ფართო საზოგადოებრივ მისწრაფებებსა და საქმიანობას.ჩვენ მუდმივად თვალს ვარიდებთ მძიმე სოციალურ რეალობას ჩვენს გარშემო, სადაც ადამიანები შიმშილით იღუპებიან. შეუძლებელია რაიმე ტიპის პროგრესზე საუბარი ასეთ დროს, შეუძლებელია ასეთ პირობებში ვისაუბროთ განვითარებაზე! ამიტომ, მიგვაჩნია, რომ შრომის პირობებისა და ზოგადად, მისი მნიშვნელოვნების გადაააზრება დღეს საზოგადოების უპირველეს ამოცანად უნდა იქცეს, რისთვისაც საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა.
არ შეიძლება, სიცოცხლე გადაიქცეს შრომად. არ შეიძლება, შრომა იყოს ადამიანთა დროისა და რესურსების პარაზიტი. არ შეიძლება, ის იქცეს ერთადერთ ისტერიულ საშუალებად გადარჩენისათვის, რომლებსაც ადამიანები თანხმდებიან ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ პირობებში. ნებაყოფლობითი მონობა, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში ემსგავსება დაქირავებული შრომა, უნდა შეიცვალოს ნებაყოფლობითი საქმიანობის ფუნდამენტური უფლებით. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, შრომის უფლებებისათვის ბრძოლა არ გამორიცხავს ამ უფლებაზე უარის თქმისათვის ბრძოლას. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ – დაიცავი შენი შრომის უფლება, მასში ვგულისხმობთ პირად, თავისუფალ და ღისეულ შრომის უფლებას.
ზემოთჩამოთვლილი საკითხების ფუნდამენტური გააზრებისთვის ჩვენ ვსვამთ კითხვებს: რა არის შრომა დღეს? რა შედეგებს გვაძლევს დაქირავებული შრომა ? რა საფრთხეს უქმნის შრომის უფლების არქონა, ან მისი დამახინჯებული პირობა ადამიანებს?
მოვუწოდებთ ყველას, რომ ერთად გავერთიანდეთ ფუნდამენტური სოციალური საკითხების გარშემო: რომ სოციალურად დაუცველებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, მაღაროელებთან, მძღოლებთან, რკინიგზელებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, მეეზოვეებთან და სხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან ერთად 1 მაისი, შრომის საერთაშორისო დღე, ვაქციოთ ღირსეული შრომის, როგორც ფუნდამენტური უფლების და ღირებულების აღიარების დღედ!
ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ იქ, სადაც ადამიანები შიმშილით კვდებიან იმიტომ, რომ ვერ შრომობენ. იქ, სადაც სხვები მხოლოდ იმიტომ შრომობენ, რომ შიმშილით არ მოკვდნენ.
შემოგვიერთდი ადამიანთა ფუნდამენტური უფლებებისათვის ბრძოლაში!
თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!
ლაბორატორია 1918"
მასალის გამოყენების პირობები






