სამხედრო სწავლებამ რომელსაც საქართველო თავის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან ერთად ახორციელებს და რომელიც სიმბოლურად 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დასრულდება, აღშფოთება გამოიწვია ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებაში. ლავროვის უწყებამ აღნიშნული წვრთნები "ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად" და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ შეაფასა. რუსეთის საგარეო უწყების თქმით „ეს ქმედება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაუარესებას ითვალისწინებს, რასაც ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან თბილისის რევანშისტული მიზნების ხელშეწყობაც ემატება.“ რუსეთის განსაკუთრებული შფოთვა, როგორც ჩანს სწორედ M1A2 ტიპის ამერიკულმა ტანკებმა „აბრამსებმა“ გამოიწვია, რადგან განსაკუთრებით ხაზგასმით საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ მათი შემოსვლა აღნიშნეს. რაც გასაკვირი არაა „აბრამსი“ აშშ-ის არმიის ძირითად საბრძოლო ტანკს და სიამაყეს წარმოადგენს.
აპრილის ბოლოს ბათუმის პორტს ამერიკელი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებიც ეწვივნენ ლოგისტიკის სფეროს ოფიცრებმა საქართველოს ლოგისტიკური მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებსა და ნატოს მაღალი სტანდარტით სთავაზობს, მათ შორის ორმხრივი და მრავალეროვნული საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.
„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს - თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოსხმა.ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებისთვის.“- ჯერ კიდევ სწავლების დაწყებამდე განაცხადა ამერიკის არმიის გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.
საქართველო- ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუშიც. კარპენტერის თქმით ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ საკითხისადმი აშშ-ის დამოკიდებულება უცვლელია. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება ვარშავის სამიტზე ვერ მოხდება, თუმცა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს .
„ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატოელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან. შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს გამართავს. საქართველო თავდაცვის რეფორმის განხორციელებით კარგ საქმეს აკეთებს. რეფორმა პროცესია. შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. დღეს ის ბევრად უფრო თავსებადია ნატოსთან, რასაც ნატოს მისიებში მისი მონაწილეობა ადასტურებს.“- განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 11-26 მაისს საგეგმილ ქართულ ამერიკულ სამხედრო სწავლებას «Noble Partner 2016»-ს პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ „ეს ქმედება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაუარესებას ითვალისწინებს, რასაც ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან თბილისის რევანშისტული მიზნების ხელშეწყობაც ემატება.“
რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას უპასუხა საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადებით, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები.
მასალის გამოყენების პირობები






