დღეს ფონდის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ პროექტი უმაღლესი კლასის სასტუმროს აშენებასთან ერთად მწვანე საფარის შენარჩუნებას მოეწყობა ველობილიკები, რეკრეაციული ზონა, გოლფის მოედნები...
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი გუშინ, 17:00 საათზე ხმაურიანი აქციის ფონზე დასრულდა. აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გაყიდული ქონების ფასმა 6 326 495 ლარი შეადგინა.
ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ფონდის მიერ ქონების შეძენამ საზოგადოებაში და პოლიტიკოსებში პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებენ ამის პარალელურად კი ფართომასშტაბიანი აქციები დაანონსდა.
ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და დამოუკიდებელი დეპუტატები საკრებულოში ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებასა და ტერიტორიის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აუქციონზე გუშინ გაყიდულ 29 ჰექტარს თბილისის ფინანსური დანაკრგებიც მოჰყვება.
ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გაამახვილა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ყურადღება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძემ.
მისი თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილი არ შეისყიდიდა აღნიშნულ ტერიტორიას, იქ არსებული გაზის მილების გადატანა მერიას 618 000 ლარი დაუჯდებოდა, ახლა კი 1 320 000 ლარი უჯდება.
„ეს ნიშნავს, იმას რომ ორჯერ უფრო მეტი უნდა გადაიხადონ თბილისელებმა საკუთარი ბიუჯეტიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ნაკვეთზე ვიღაცის რეზიდენცია აშენდეს. ეს თანხები არის პირდაპირი გაფლანგვა საბიუჯეტო სახსრების" - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ენმ-ს წევრი დავით ნარმანიასგან ელოდება პასუხს, დედაქალაქის მერი ვალდებულია, რომ პასუხი გასცეს მოსახლეობის კითხვებს, რომლებიც ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით არსებობს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკატიული მოძრაობის თავმჯდომარე ზაზა ვეკუა კი იმედს გამოთქვამს, რომ დავით ნარმანია საკრებულოში გამოცხადდება და საკრებულო მას უნდობლობას გამოუცხადებს.
საპარლამენტო უმცირესობის მიერ პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრის დაბარებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა უპასუხა.
"ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში ჩვენ ვერ ჩავერთვებით, მოვუწოდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა ექსპერტს, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი რომელიც საზოგადოებისათვის აქტუალურია. ჩვენ პარასკევს 3 საათზე ისედაც გვაქვს კომიტეტი, ჩვენ მზად ვართ ეს საკითხიც განვიხილოთ “ - განაცხადა ჟორჟოლიანმა
კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემაც.
ირაკლი სესიაშვილის მიიჩნევს, რომ ბოტანიკური ბაღის განვითარებაში ივანიშვილის მხრიდან სერიოზული ინვესტიციაა ჩადებული.
„ უბრალოდ ბევრი შეჩვეულია, რომ სიკეთეს უნდა ებრძოლოს. ვისაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია შეეჯიბროს. ძალიან სერიოზული ინვესტიციაა ჩადებული ბოტანიკური ბაღის განვითარებაში და ეს ასე გაგრძელდება“ - განაცხადა სესიაშვილმა.
„ნიუპოსტი“ დაგეგმარების და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელ, ცირა ელისაშვილსაც ესაუბრა.
ელისაშვილი ერთ-ერთია იმ 25 25 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი საზოგადოებრივი გაერთიანებიდან, რომლრბიც ბოტანიკური ბაღის დასაცავად შაბათს, 13:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს.
არასამთავრობოები სასამართლოში შესატან სარჩელსაც ამზადებენ.
თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც შეიძინა აღნიშნული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, შესაბამისად ცალსახად იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ინტერესი“- აღნიშნავს ელისაშვილი.
გარდა თბილისის ბოტანიკური ბაღისა, მედიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა თვალი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღსაც დაადგა. როგორც ჩანს ყოფილ პრემიერს მრავალწლოვანი ხეების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. როგორც ზუგდიდელები ყვებიან, სამი უიშვიათესი ხე, რომელიც ეკატერინე დადიანმა საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა ყოფილი პრემიერის დაინტერესების საგანი გახდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ამ ხეების გადატანა შეკვეთილში სურს.
ამასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრების ცნობით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე "ბათუმი პანორამას" გაშენებას აპირებს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






